შობის მილოცვისას ვიღაცების უგულებელყოფა და დაჩაგვრა შობის პრინციპის ღალატია - მალხაზ სონღულაშვილი პრეზიდენტს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ კათოლიკეებისთვის შობის დღესასწაულის მილოცვას ეხმაურება და ამბობს, რომ პრეზიდენტმა შობა ყველას უნდა მიულოცოს, ვინც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობს.

"როდესაც ამოვიკითხე, რომ საქრთველოს პრეზიდენტი რომის კათოლიკეებს მიულოცა შობა საქართველოში და მთელ სამყაროში, ვიფიქრე, ნეტა დანარჩენმა ქრისტიანებმა (მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა და მთელი პროტესტანტული სამყარო), რა ფაფაში ჩაუყვეს-მეთქი ამ ქალს ფეხი. ჯანდაბას ჩვენი თავი (ქართველი პროტესტანტებისა), მაგრამ ნეტა სხვებს რას ემდურის-მეთქი ეს ქალი.

ასე გადავწყიტე წერილი მიმეწერა და ამეხსნა, რომ თუ შობას ულოცავს ვიმეს, ყველას უნდა მიულოცოს, ვინც 25 დეკემბერში ზეიმობს და 7 იანვარს არ გალობს „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემასაო.“ ისიც მინდოდა მიმეწერა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა 25-ში აღნიშნავს-მეთქი შობას. ვინც არ აღნიშნავს, თავს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იკავებს და მალე ისინიც 25-ში იზეიმებენ მეთქი. იმის შეხსენებაც მინდოდა, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ნანატრი ავტოკეფალია მოიპოვა, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ 25-ში ეზეიმათ-მეთქი შობა" - წერს მალხაზ სონღულაშვილი.

როგორც მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, ეს ყველაფერი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უკვე მისწერა, მან კი, შენიშვნა მიიღო და მოუბოდიშა.

"შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც სუსტი და მოწყვლადი ყრმა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჰეროდე დიდი და ძლიერნი ამა სოფლისანი. შობა გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თანასწორია. რა ვუყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ სცემს პატივს, სამაგიეროდ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს. საბედნიეროდ ამ სოფლის ძლიერებზე არ არის დამოკიდებული, ვის გულში დაიბადება და ვის გულში დაიდებს ბინას განკაცებული მაცხოვარი და ვისაში არა", - ვკითხულობთ Facebook პოსტში.

მალხაზ სონღულაშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი რელიგიის შესახებ რჩევებს მიიღებს.

"ისიც ვიფიქრე, მრჩევლები არ ჰყავს და რა ქნას-მეთქი საწყალმა. ვიფიქრე, იქნება რელიგიის კვლევების რომელიმე მაგისტრანტსა ვთხოვოთ ილიაუნიში, რომ პრეზიდენტს რელიგიის შესახებ მოხალისეობის პრინცით რჩევები მიაწოდოს-მეთქი", - წერს მიტროპოლიტი.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შობის დღესასწაული 25 დეკემბერს მხოლოდ კათოლიკურ სამყაროს მიულოცა. მოგვიანებით კი,  მილოცვა დააზუსტა და თქვა, რომ ქრისტეშობას ულოცავს ყველას, ვინც ამ დღეს 25 დეკემბერს აღნიშნავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი