ნიკა მელიამ გამარჯვების შესახებ ვერაზე, თავის სახლში "პოსტ ფაქტუმის" გადამღებ ჯგუფთან ერთად შეიტყო.

საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც პარტიის ლიდერი თავად მხარდამჭერებმა, ონლაინ რეჟიმში აირჩიეს. 

ერთი კვირის განმავლობაში თანაპარტიელები არჩევანს  ორ კანდიდატს, ლევან ვარშალომიძესა და ნიკა მელიას შორის აკეთებდნენ.  

კენჭისყრაში მონაწილეობა 21 000- მა ადამიანმა მიიღო. 

ლევან ვარშალომიძემ კოლეგას  გამარჯვება ფეისბუქ გვერდიდან მიულოცა. ამ ინოვაციური კენჭისყრის იდეა საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. შიდა პარტიული დემოკრატიისთვის ასეთი არჩევნები კარგი მაგალითი იყო.

როგორი იქნება ნაციონალური მოძრაობა ნიკა მელიას თავმჯდომარეობით? გლდანის მაჟორიტარობის საარჩევნო კამპანიის დროს მან დიდი გამოცდილება მიიღო. განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანები გააერთიანა, ახალგაზრდები პროცესების თანამონაწილე გახადა, აპოლიტიკური ადამიანები პოლიტიკაში ჩართო, 

ბევრი ძალადობის, ქვების სროლის, ოფისის დაწვის, მუქარისა და შანტაჟის მიუხედავად ოცნებას გლდანში მოუგო. ახლაც, ისტორიის სწორ მხარეს გაჩაღებულ ბრძოლაში ახალი ადამიანების ჩართვა სურს.

ცნობილი კარდიოლოგი ანზორ მელია ვერ წარმოიდგენდა, რომ ექიმების ოჯახში დაბადებული და გაზრდილი ნიკა მელია არათუ ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარე გახდებოდა, არამედ საერთოდ პოლიტიკაში წავიდოდა.  

ნიკას ბავშვობის წლებმა ისე ჩაიარა, რომ მამა დღე და ღამეს კლინიკაში ატარებდა. შვილის მომავალი პროფესია როცა წყდებოდა, ნიკა სამედიცინო სფეროსთვის შეეცოდა. პირადი ცხოვრება არ გექნებაო უთხრა.

თეთრხალათიანი ბებია და ბაბუა ამბობენ რომ ნიკას 6 წლის ვაჟს - პოლიტიკაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებენ. ექიმად ზრდიან. სანდრო ხასიათითაც და გარეგნობითაც მამის ბავშვობას აგონებთ.

ეროვნული უშიშროების აკადემიის დამთავრების შემდეგ, 2003 წელს, ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციამდე ინგლისში სასწავლებლად გაემგზავრა. ოქსფორდის ბრუქს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჩააბარა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა.

2008 წელს თბილისში დაბრუნდა. მრგვალ ბაღში შეგნებულად მივყავართ. სწორედ აქ მოხდა მისი ცხოვრების მთავარი გარდატეხა.

გიგი უგულავამ ნიკას მთაწმინდის გამგებლობა შესთავაზა. ამ დღიდან მელია ბრძოლის ავანგარდში ჩაერთო. შემდეგ იყო თბილისის მერობის კანდიდატობა და მეორე ტური.

ქალაქში ყველა ცნობს და აჩერებს. დაკავებული გრაფიკის მიუხედავად, ჯანსაღი ცხოვრების წესს იცავს. სახლიდან ველოსიპედით ხშირად გამოდის.

2013 წელს მელიას ბრალი ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე წაუყენეს. შემდეგ თაროზე შემოდეს. ოცნებას რომ არ დაუმეგობრდა, 7 წლის თავზე, საქმე განაახლეს, 100 ტომის შესწავლას დიდი დრო დასჭირდაო. 

დამნაშავედ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნეს და 25 ათასი ლარით დააჯარიმეს. 

2020 წელს ამ საქმის საფუძვლით დეპუტატობის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. პარლამენტის სხდომათა დარბაზში მარტო, სახელმწიფო მანქანის წინაშე დატოვეს.

20 ივნისის შემდეგ, მაშინ როდესაც რობოკოპებმა ბავშვებს თვალები დათხარეს და არცერთი სპეცრაზმელი არ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა, პირიქით ნიკას დაჭერას შეეცადნენ, შინაპატიმრობა მიუსაჯეს და ხელზე უსამართლობის სიმბოლო - ელექტრო სამაჯური დაამაგრეს.

ნიკა მელიამ გლდანში გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის ძლიერი კამპანია ჩაატარა. თუმცა, არჩევნების დღეს ჯერ ნამდვილი ომი მოუწყვეს და შემდეგ მოგებული არჩევნები წაართვეს.

1 ნოემბრის დილას, გაყალბებული არჩევნების პირისპირ დარჩენილმა ნიკა მელიამ დაუმორჩილებლობა გამოაცხადა და უსამართლობის სიმბოლო დემონსტრაციულად მოისროლა. პარლამენტში შესვლაზე თანამებრძოლებთან ერთად უარს აცხადებს. ბრძოლა გრძელდება. ახლა ასმაგად ბევრი აქვს სამუშაო.

ავტორი: ანა ასათიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი