სამოქალაქო სექტორი პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის მართულ პროცესს უწოდებს. ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ ეთმობა და პროცესს ხელოვნურად ძაბავს, საბოლოო მიზანი კი პროპორციული სისტემის ინიციატივის ჩაგდებაა.
ინიციატივის ჩაგდების შემთხვევაში კი არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება.
მესამე სექტორში საეჭვოდ უყურებენ იმ მაჟორიტარი დეპუტატების გააქტიურებას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხმასაც არ იღებენ:
"არც ერთ მაჟორიტარ დეპუტატს მმართველი პარტიიდან ეს თემა დღის წესრიგში ამ ფორმით არ დაუყენებია, რომ მაჟორიტარულ სისტემაზე გამოთხოვება იყო კატასტროფა და დასასრული ქვეყნისთვის. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია დღეს რას აფუძნებენ ისინი ამ განცხადებებს. ეს რა თქმა უნდა აძლიერებს მოსაზრებას, რომ შეიძლება ეს რაღაც სხვა პროცესის, ან თამაშის ნაწილი იყოს" აცხადებს "საიას" ხელმძღვანელი სულხან სალაძე.
"არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, რომ დადგმულ სცენარს აქვს ადგილი...თუ ასე ჩავარდება ჩვენი აზრით სერიოზულ პრობლემები შეიძლება შეიქმნას მერე უკვე ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის თვალსაზრისით და გარკვეული საფრთხეები არსებობს, რომ დესტაბილიზაცია შეიძლება იყოს ის სცენარი, რაც ამას შეიძლება მოყვეს" აცხადებენ "საერთაშორისო გამჭვირავალობაში"
"თითქმის 5 თვეა ინიცირებულია ეს ცვლილება. გაიმართა სახალხო განხილვები მათ შორის ამ მაჟორიტარების მაჟორიტარულ ოლქებში და არც ერთხელ აქამდე ამ ადამიანების განსხვავებული აზრი არ გვინახავს... გუშინ, მოწმენდილ ცაზე გაახსენდათ რმ თურმე პრობლემები აქვთ პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ფარსს გავს" აცხადებს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.
"იმ მაჟორიტარებს, რომლებიც დღეს აპირებენ ამ კანონპროექტის ჩაგდებას, მინდა შევახსენო, რომ მათ შესაძლოა გამოიწვიონ ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისი ქვეყანაში დ მიზეზი გახდნენ დიდი არასტაბილურობისა." აცხადებენ ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს, დღეს კიდევ ერთხელ გადაიდო. უმრავლესობამ პროცესის ხვალისთვის გადადება ითხოვა. ხვალ დილით ბიძინა ივანიშვილთან, უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი.