ოპოზიციის ერთერთმა გამორჩეულმა ლიდერმა "ევროპული საქართველო" დატოვა და ახალი პოლიტიკური პლატფორმიდან ბრძოლის გაგრძელება დააანონსა.
ელენე ხოშტარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელიც გუნდთან პოლიტიკური დაპირისპირების გამო მიიღო და არც გადაწყვეტილება, რომელიც მას მარტო დარჩენილი "ქართული ოცნების "გვერდით, პარლამენტის სასესიო დარბაზში აღმოაჩენს. უცვლელი რჩება ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა.
ეს არ არის პარტიიდან გადინების პროცესი - აცხადებენ ელენე ხოშტარიას უკვე ყოფილი თანაგუნდელები. "ევროპული საქართველოს" ლიდერებისთვის ეს არ ყოფილა მოულოდნელი და ამბობენ, რომ პატივს სცემენ თანაგუნდელის გადაწყვეტილებას.
განცხადებებში, რომელიც დღეს პარტიის ოფისში გაკეთდა, ისმოდა, რომ ელენე ხოშტარიას მთავარი პოლიტიკური აქტივობა ქუჩას უკავშირდება და სწორედ ამ მიმართულებით სურს პოლიტიკოსს გზის გაგრძელება. გამორიცხავენ პარტიის შიგნით დაპირისპირებას.
გადაწყვეტილება მოულოდნელი არც ოპოზიციისთვის ყოფილა, თვლიან, რომ ხოშტარია პოლიტიკური ცხოვრების შენაძენია და მისი წასვლა განახლების აუცილებლობას უკავშირდება.
არსებული ინფორმაციით, ელენე ხოშტარია პოლიტიკური პლატფორმის შექმნას, "სირცხვილიას" აქტივისტებთან ერთად გეგმავს, თუმცა მას ამ დეტალებზე არ უსაუბრია. პოლიტიკურ გეგმებზე არ საუბრობს არც სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ ბოლო დროს ხოშტარიასა და სამოქალაქო აქტივისტების ბრძოლა ერთ ხაზზე გადის.
ელენე ხოშტარია ბოლო დროს საქართველოში გამართული ყველა საპროტესტო აქციის აქტიური მონაწილეა, მათ შორის გავრილოვის ჩამოყვანის დროს დაწყებული პროტესტის ერთერთი მთავარი მონაწილე.
თუმცა, ვისთან ერთად გეგმავს პოლიტიკოსი პლატფორმის შექმნას და ვინ იქნებიან მისი ახალი თანაგუნდელები ამაზე დღეს არ უსაუბრია, თქვა, რომ პოლიტიკურ გეგმებზე განცხადების გაკეთებას ახალი წლიდან აპირებს.