
შსს-ს დაცვის პოლიციამ 8 შეჯავშნილი, სპეციალური დანიშნულების მიკროავტობუსის შესაძენად 1 843 854 ლარად „ჯი თი მოტორსთან“ ხელშეკრულება გააფორმა.
უკონკურენტოდ მოგებული ტენდერი ხელისუფლების ოპონენტებს კორუფციულ გარიგებაზე მიანიშნებს.
გარიგების მოტივს ჯითი მოტორსის გენერალურ დირექტორსა და ოცნებას შორის არსებული კავშირი უფრო უმყარებთ- თემურ უსტიაშვილი ქართული ოცნების შემომწირველია, მან საარჩევნო პერიოდში მმართველ პარტიას 60 ათასი ლარი შესწირა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნების მმართველობის პირობებში აპრობირებულია შემდეგი სქემა - ქართული ოცნება მის მიმართ კეთილგანწყობილ კომპანიებს ტენდერებში აგებინებს, სანაცვლოდ კი ისინი საარჩევნო კამპანიას უფინანსებენ.
„შეაჩერე კორუფციაში“ მორგებულ ტენდერებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამბობენ, რომ ამ ტენდერის შემთხვევაშიც ამგვარ ფაქტთან გვაქვს საქმე - ტენდერის პირობები ჯითი მოტორსზეა მორგებული.
ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა სრულიად მიუღებელია ქართული ოცნების დეპუტატებისთვის. კითხვაზე თუ რატომ არ ახდენს ხარჯების ოპტიმიზაციას ხელისუფლება, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ იმ უწყებებს შორის, რომლებსაც ბიუჯეტიდან დაფინანსება შეუმცირდა, შსს-ცაა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე მორგებულ ტენდერებთან დაკავშირებით გამოძიება არცერთ შემთხვევაში არ დაწყებულა, ოპოზიცია საგამოძიებო უწყებებს დაცვის პოლიციას და ჯითი მოტორს შორის დადებული ხელშეკრულებით დაინტერესებას ურჩევს.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი