
ახალი წლის აღსანიშნად საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა სპეციალური ვიდეო განცხადება და მილოცვა გამოაქვეყნა. ვიდეოში ის ცნობილ საახალწლო სიმღერას "ფიფქებოს" ცოლთან, მეტე ჰარცელთან და ქართველ მუსიკოსთან, ზაზა ხუციშვილთან ერთად ასრულებს.
ჰარცელმა საახალწლო მილოცვაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად გამოყო ის პოლიტიკური კრიზისიც, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის არჩევნების შემდეგ შეიქმნა.
"2020 წელი ერთი პოლიტიკური კრიზისით დაიწყო და მეორე კრიზისით დასრულდა. მე მჯერა, რომ საქართველო ამ კრიზისსაც დაძლევს. იმედი მაქვს, რომ დადგება დღე, როდესაც ის პოლიტიკური ენერგია, რომელიც დღეს ერთმანეთთან ბრძოლაში იხარჯება, ქვეყნის გაერთიანებისაკენ და გაძლიერებისკენ იქნება მიმართული. ის იქნება ისეთი ძლიერი, როგორსაც საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ.
საქართველო პატარა, მაგრამ დიადი ქვეყანაა. ერთად შეგიძლიათ საკუთარი სურვილებისა და ოცნებების ასრულება. თუ ერთად იქნებით, ვერავინ შეგაჩერებთ. დღესასწაულები დაფიქრებისა და დასვენების დროა", - წერს კარლ ჰარცელი.
ელჩი აღნიშნავს, რომ წელს ბევრი ჩვენგანი დღესასწაულებს საკუთარ ოჯახებთან ერთად ვერ გაატარებს. მისი თქმით, ის და მისი მეუღლე მათი ორი ქალიშვილისგან შორს იქნებიან, ერთი მათგანი ირლანდიაშია, მეორე კი შვედეთში.
მილოცვის ბოლოს ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს სიტყვას COVID-19-ი მისთვის შესაფერ ადგილს მივუჩენთ: ისტორიის წიგნებსა და ლექსიკონებში.
"დავაფასოთ ნათელი დღეები, გავიზიაროთ ერთმანეთის ტვირთი და გვქონდეს იმედი იმისა, რომ საქართველოსა და ევროპაში ნელ-ნელა ნორმალური ცხოვრება დაბრუნდება", - წერს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 31 დეკემბრის ღამეს ქვეყანაში 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვა დროებით მოიხსნება.