ოპოზიცია ქუჩაში გამოსასვლელად მზადაა - პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საფრთხემ ქართული ოცნების ოპონენტები გააერთიანა

გამოქვეყნდა:

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის საფრთხემ ქართული ოცნების ოპონენტები გააერთიანა

შალვა ნათელაშვილის ოფისში დღეს ერთ მაგიდასთან ისხდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკური ღირებულებები და პრინციპები აქვთ.  

საერთო ოპოზიციურ თავყრილობას დღეს პირველად ესწრებოდნენ ეკა ბესელია და მოძრაობა ლელოს წევრი ანა ნაცვლიშვილი.

თუკი 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება, მაშინ პროცესები ქუჩაში გადავა  - ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც ლიდერებმა დღეს ივანიშვილს გადასცეს. 

ოპოზიცია ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით დღეიდან კოორდინირებულ მოქმედებას იწყებს, იმისთვის რომ გაუქმდეს მაჟორიტარული არჩევნები.

პოლიტიკურ ლიდერებს არც მაჟორიტარების იმიტირებული ამბოხის სჯერათ და ამბობენ, რომ პარლამენტში ხელოვნურად შექმნილი დაპირისპირების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესია და ის ამ გზით ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გახანგრძლივებას გეგმავს. 

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, ორი მოსმენით დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. მესამე და გადამწყვეტი კენჭისყრა კი გაზაფხულზე შედგება. ოპოზიცია ვარაუდობს რომ ივანიშვილი ბოლო მომენტში მთავარი კანონის შეცვლაზე უარს იტყვის, რის გამოც დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს 

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია მზადაა რუსთაველის გამზირზე პერმანენტული აქციები დაიწყოს და კონსტიტუციური ბრძოლის ყველა მეთოდი გამოიყენოს. 

პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ პროცესს უწოდებენ სამოქალაქო სექტორშიც. ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეჭვი აქვთ, რომ ბიძინა ივანიშვილს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა არ ეთმობა და პროცესს ხელოვნურად ძაბავს, საბოლოო მიზანი კი პროპორციული სისტემის ინიციატივის ჩაგდებაა. 

ინიციატივის ჩაგდების შემთხვევაში კი არასამთავრობო ორგანიზაციები შიშობენ, რომ ქვეყანაში სერიოზული პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება. 

მესამე სექტორში საეჭვოდ უყურებენ იმ მაჟორიტარი დეპუტატების გააქტიურებას, რომლებიც როგორც წესი, ნაკლებად აქტიურები არიან და ხშირ შემთხვევაში ხმასაც არ იღებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი