"პატრიოტთა ალიანსის" წევრი, ბიზნესმენი დავით ზილფიმიანი პარლამენტში შესვლას აპირებს და ამის შესახებ ის ღია წერილს ავრცელებს.
ზილფიმიანი წერს, რომ ქვეყნის მართვა ოპონენტების გარეშე წარმოუდგენელია და ის სწორედ საკანონმდებლო ორგანოდან გეგმავს "ქართული ოცნების" ოპონირებას:
ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, თუ ლეგიტიმურად დადგება ჩემი პარლამენტში შესვლის საკითხი, მაშინ, ქვეყნის ინტერესების, ჩემი პირადი და ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრის გათვალისწინებით, მივიღებ გადაწყვეტილებას, შევიდე პარლამენტში და ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, დავკავდე პოლიტიკით, რადგან ღრმად მწამს, რომ დაუშვებელია ოპონირების გარეშე ქვეყნის მართვის პროცესის მიტოვება და პარლამენტიდან კვლავაც ვიბრძოლებ მედიათავისუფლების, ქვეყნის მაღალტექნოლოგიური განვითარებისა და სამართლიანობის აღდგენისთვის.“ – ნათქვამია ზილფიმიანის წერილში.
ზილფიმიანი "პატრიოტების" საარჩევნო სიის მერვე ნომერია.
ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულებიდან ირკვევა, რომ "პატრიოტთა ალიანსის" სიის წევრებს: ფრიდონ ინჯიას, გელა მიქაძესა და დავით ზილფიმიანს სიიდან ჩახსნის თაობაზე ცესკო-სთვის არ მიუმართავთ.
ერთპარტიული პარლამენტი ხვალიდან ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტაზე მსჯელობას იწყებს. საპროცედურო კომიტეტი პირველი პატრიოტთა ალიანსის განაცხადს და დეპუტატების - ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის მანდატის შეწყვეტის საკითხს განიხილავს.