2 წელი გავიდა, რაც ქუთაისმა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც ქუთაისმა საპარალამენტო ქალაქის სტატუსი დაკარგა, ქალაქში სამუშაო ადგილები შემცირდა და ქვეყანაში შიდა მიგრაცია დაიწყო. 

ახალგაზრდები განათლებისა და განვითარებისთვის მშობლიურ ქალაქს ტოვებენ და დედაქალაქში ცდილობენ უკეთესი მომავლის შექმნას.

დღეს, ზუსტად ორი წელი გახდა, მას შემდეგ რაც კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე ქართული ოცნების ხელისუფლებამ ქუთაისში პარლამენტის შენობას ბოქოლომი დაადო და უფუნქციოდ დატოვა.  

მმართველი გუნდის ლიდერები ამტკიცებდნენ, რომ შენობა ფუნქციის გარეშე არ დარჩება და მასში საპოლიციო ჰაბი განთავსდება, თუმცა ისე როგორც ბევრი სხვა დაპირება, ხელისუფლებამ ესეც ვერ შეასრულა და დღეს  სარეველა ბალახით დაფარული პარლამენტის შენობის ინფრასტრუქტურა დაზიანებულია და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრად არის ქცეული. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ დეცენტრალიზაციის მიზნით ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ქცევა დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურად და ინფრასტრუქტურულად გააძლიერებდა, თუმცა ქართული ოცნების გადაწყვეტილებამ საკანონმდებლო ორგანო კვლავ თბილისში დაებრუნებინა ქუთაისის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. ხელისუფლების ოპონენტები ერთადერთ გამოსავალს ხელისუფლების ცვლილებაში ხედავენ.

მესამე სექტორი ქუთაისის განვითარების შეფერხების ერთერთ მთავარ მიზეზად პარლამენტის გადატანას ასახელებს. ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად ქალაქი პოლიტიკურად აქტიური აღარ არის, შეჩერდა ინფრასტრუქტურული პროექტები, შედეგად უმუშევრობამ იმატა და  ახალგაზრდები ქალაქს მასიურად ტოვებენ.

საქართველოს პარლამენტმა ქუთაისში 6 წელი იარსება, მას შემდეგ რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ იმერეთის შუაგულს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი ჩამოართვა, მიტოვებული შენობა უკვე ორი წელია უფუნქციოდაა დარჩენილი.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი