დღეს პარლამენტის საპროცედურო კომიტეტი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებისთვის მანდატების შეჩერებაზე მსჯელობს. პატრიოტთა ალიანსი ბოლო პარტია იყო, რომელმაც მანდატებზე უარი თქვა, თუმცა პოლიტიკურ გაერთიანებას პარტიული სია არ ჩაუხსნია.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერები, საკუთარი განცხადების საფუძველზე, მანდატების გარეშე რჩებიან, თუმცა პარტიის სხვა დეპუტატები, მათ შორის ავთანდილ ენუქიძე და დავით ზილფილიანი, პარლამენტში შესვლას აპირებენ.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია უკვე აქვს და ოპოზიციის ყოფნა არ ყოფნა, საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებას არ განსაზღვრავს.
"ჩვენ ჯერ კომუნიკაცია, ვინც უნდა შემოვიდეს იმათთან არ გვქონია, იმიტომ რომ პროცედურა ითვალისწინებს, რომ ჯერ უნდა მოეხსნათ უფლებამოსილება არსებულ დეპუტატებს და შემდეგ უკვე ცესკო წარმოადგენს იმ ადამიანების ჩამონათვალს, ვინც უფლებამოსილების წესით უნდა შემოვიდეს. პარლამენტს ლეგიტიმაცია მინიჭებული აქვს, ის რომ ოპოზიცია არის თუ არ არის, ეს პარლამენტის ლეგიტიმაციას არ განსაზღვრავს" -ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი
ოპოზიცია ამბობს, რომ ოცნება "პატრიოტთა ალიანსის" სათადარიგო რიგებიდან პარლამენტში შეყვანის მცდელობით, პოლიტიკურ რეალობას აყალბებს და პარლამენტი მაინც ერთპარტიული იქნება.
"ოცნებამ" გააყალბა არჩევნები და ახლა არის მცდელობა მათი მხრიდან, გააყალბონ პოლიტიკური რეალობა, რაც არის დღეს საქართველოში, ის რომ პატრიოტთა ალიანსის სათადარიგო შემადგენლობიდან ე.წ. დუბლების შეყვანას ახორციელებს "ოცნება" პარლამენტში კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, იმას რომ ეს პარლამენტი არის ერთპარტიული და ვინც არ უნდა შევიდეს მათ შემადგენლობაში, ის გაყალბებული არჩევნების შემდეგ, შედის "ოცნების" რიგებში" – ამბობს ენმ–ს წევრი ზურაბ მელიქიშვილი
სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის და ჯანდაცვის ექსპერტის სერგო ჩიხლაძის თქმით, პატრიოტთა ალიანსმა უკვე განაცხადა, რომ პარტია ემიჯნება ცალკეულ დეპუტატებს, ვინც პარლამენტში შევა, ამიტომ პარლამენტი ერთპარტიულად დარჩება – "ინდივიდუალურად შესული დეპუტატი მრავალპარტიულობის განცდას ვერ შეუქმნის ქართულ ოცნებას" – ამბობს სერგო ჩიხლაძე.
პატრიოტთა ალიანსის სამი წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტაზე საქართველოს პარლამენტი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს მიიღებს.