
არგაღიზიანების პოლიტიკამ კრემლი უფრო გაათამამა. 2021 წლის დაწყებასთან ერთად რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების დაკანონება გადაწყვიტა.
ვლადიმერ პუტინმა სოხუმთან და ცხინვალთან ამჯერად საზღვრის დადგენა მოისურვა და ე.წ სასაზღვრო კომისიაში სპეციალური წარმომადგენელიც დანიშნა.
მიხეილ პეტრაკოვს, რომელიც კრემლის პირველი პირის ნდობით აღჭურვილი დიპლომატია, ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად რუსეთ-საქართველოს გამყოფი მონაკვეთის განსაზღვრაც დაევალა.
დეოკუპაციის დაწყებამდე საქართველო პუტინის რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს - საგარეო სამინისტრო კრემლის სპეციალურ დესპანს უარით პასუხობს.
როგორ და რით უნდა დავუპირისპირდეთ ოკუპანტების სურვილს დაკარგული ტერიტორიები იურიდიულად გაიფორმოს - კანონმდებლები ერთადერთ ბერკეტად საერთაშორისო ზეწოლას ასახელებენ.
ვიდრე ქართული ოცნებას, ოკუპაციის ტვირთი წინა ხელისუფლებაზე გადააქვს, ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ მმართველი გუნდის რბილმა პოლიტიკამ რუსულ აგრესიას გზა გაუხსნა. ქართული ოცნების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ე.წ. საზღვრის ე.წ. დელიმიტაციით, რუსეთი, ისედაც რთული სიტუაციის, კიდევ უფრო დამძიმებას ცდილობს.
არადა, რუსეთ-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი არც არასდროს დაწყებულა. ჩრდილოელ მეზობელთან სახელმწიფო საზღვარი 1991 წლიდან, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეუთანხმებელია.
შესაბამისად, ტერიტორიების თვითნებურად ისევ მითვისების რისკი საკმაოდ დიდია, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ოფიციალური კრემლი შეუთანხმებელი საზღვრის 3 მონაკვეთზე მცოცავ ოკუპაციას არ წყვეტს - ესენია ხევსურეთისა და თუშეთის მხარე და მამისონის უღელტეხილი.
ექსპერტები ამბობენ იმასაც, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის კიდევ ერთი მცდელობით, რუსეთი საერთაშორისო საზოგადოების რეაქციებს ტესტავს. თუმცა თუ პასუხი მოკლე დროში და თან მკაფიო არ იქნება, ოკუპაცია, ტერიტორიების იურიდიულად განსაზღვრით დასრულდება.
ვლადიმერ პუტინის ბრძანება 2 იანვრით თარიღდება. ოკუპანტი ქვეყნის პირველმა პირმა საზღვრების სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ხელმძღვანელად მიხეილ პეტრაკოვი დანიშნა. რუსეთის ახალ დესპანს ერთადერთი და მთავარი დავალება მიეცა - დაადგინოს რუსეთის საზღვრები მომიჯნავე ქვეყნებთან.
როგორი იქნება პეტრაკოვის პირველი გადაწყვეტილება და რა ნაბიჯებს გადადგამს რუსი დიპლომატი ქართველ კოლეგებთან კომუნიკაციისას, ჯერ უცნობია.
ავტორი: დეა მამისეშვილი