ჯანაშია საპროცესო შეთანხმებით დაზარალებულის ხელმოწერის გარეშე გაათავისუფლეს - სარალიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება ე.წ. უდოს კომისიამ მიიღო.

დავით სარალძის მამა, ზაზა სარალიძე, სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, კომენტარს არ აკეთებს არც ჯანაშიას ოჯახი.

ზაზა სარალიძის უფლებადამცველი კი ამბობს, რომ გიორგი ჯანაშიას საპროცესო შეთანხმებაში დაზარალებულის ხელმოწერა არ არის, რაც საპროცესოს გაფორმებისთვის აუცილებელი პირობაა:

"დაუშვებელია, როდესაც გამოყოფა ხდება სწორედ ერთერთი მათგანის, იმ მოტივით, რომ თითქოს და ითანამშრომლა გამოძიებასთან. ჩვენ არანაირი წერილობითი დოკუმენტი არ დაგვიდია საქმეში, არანაირი ხელმოწერა ჩვენი არ არსებობს, როგორც დაზარალებულის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით", - ამბობს "ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი", ნესტან ლონდარიძე 

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ბოლო წლების ყველაზე გახმაურებული მკვლელობა 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა. მოზარდების დაპირისპირებისას 51-ე სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

საქმეზე ორი არასრულწლოვანი - გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე არიან მსჯავრდებულები. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია ასევე მიხეილ კალანდია. 

ჯანაშიას უზენაესი სასამართლოს მიერ დამტცკიცებული საპროცესო შეთანხმებით მსჯავრი 10-დან 8 წლამდე შეუმცირდა, საიდანაც 4 წელი მას საპატიმროში უნდა გაეტარებინა, ხოლო დარჩენილი 4 კი პირობით მსჯავრად ჩაითვლებოდა. ჯანაშიას მსჯავრი მომდევნო წელს იწურებოდა, თუმცა ის კომისიამ გაათავისუფლა.

ავტორი:დეა მამისეიშვილი 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი