არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთიანი ახალგაზრდობა საქართველოსთვის" ჟონეთში აქცია გამართა. ორგანიზაციის წევრები ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და ჰესის მოწინააღმდეგეებს სოლიდარობას უცხადებენ.
მათი თქმით, გიგანტური ჰესი საფრთხეს უქმნის, როგორც მოსახლეობას, ისე გარემოს. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მშენებლობის შეჩერებისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული აქციებით იმუქრებიან.
რიონის ხეობის მოსახლეობა 73-ე დღეა ჰესის მშენებლობას უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს. აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამესაც ადგილზე დადგმულ კარვებში შეხვდნენ.
შეგახსენებთ, სპეციალისტების თქმით, ჰესის აშენების შემდეგ, რომელიმე ჯებირის დაზიანების შემთხვევაში წყალს 19 წუთი დასჭირდება იმისთვის, რომ ქუთაისამდე მიაღწიოს. ექსპერტების გათვლით, ისტორიულ ქალაქს 34 მეტრის სიმაღლის ტალღა დაარტყამს.
ქუთაისის შემდეგ იტბორება მთელი კოლხეთის დაბლობი - სულ 18 მუნიციპალიტეტი და 70 დასახლებული პუნქტი. შავ ზღვას ნამახვანის რეზერვუარის წყალი ფოთის ნაპირზე შეუერთდება 2,- 2,5 მეტრის სიმაღლის ტალღით.
თურქული კომპანია "ენკა" კი დაწყებული სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. კომპანიაში ამბობენ, რომ სამუშაოები კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.