ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შობა დიდი დღესასწაულია, რომელსაც ყველა ელოდება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ რეკომენდაციების და უსაფრთხოების წესების დაცვა არავის დაავიწყდეს. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე ისაუბრა.
"დღეს აღარ იმოქმედებს 9 საათიდან დილის 05:00 საათამდე მოძრაობის შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის შესრულდეს ეს არის ისევ და ისევ ინდივიდუალურ დონეზე პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება: ნიღაბი, ხელის ჰიგიენა და ასევე, ფიზიკური დისტანციის დაცვა 2 მეტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად, დღეს დიდი დღესასწაულია, ყველა ველოდებით ამ დღეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ამ წესების დაცვა არ დაგვავიწყდეს და მივყვეთ იმას, რაც დაგვიცავს ინფექციის გავრცელებისგან", - თქვა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, წლევანდელი შობას ტრადიციული ალილოს გარეშე ჩაივლის. დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, მსვლელობის ნაცვლად სამღვდელოება მოსახლეობას და ბავშვებს მანქანებიდან კმევით, გალობით და ნაკურთხი წყლის სხურებით მიულოცავს შობას.