გუგლის კულტურულმა ინსტიტუტმა თავისი პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო. ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია, რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა.
გამოფენა სახელწოდებით - „დადიანების სასახლეების საგანძური“ 6 დეკემბრის ღამის პირველ საათზე ჩაიტვირთა. ამის შესახებ ინფორმაციას ისტორიკოსი და დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდია თავის Facebook-ის გვერდზე ავრცელბს.
კანადიას თქმით, ამ გამოფენის მიზანი არის, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს საქართველოს უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, ენით მსოფლიოს დაანახოს ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები.
მის პოსტს უცვლელად გტავაზობთ:
"დაახლოებით 4 თვის წინ ზუგდიდის დადიანების სასახლეების მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარედ დავინიშნე, ხელოვნების სასახლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ამ უნიკალური ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის თვისობრივად ახალ მუზეუმად გარდაქმნა და მისი საგანძურის პოპულარიზაცია დავისახეთ მიზნად! ძალიან ცუდი პერიოდი დაგვემთხვა, თუმცა არ გავჩერებულვართ და შეიძლება ითქვას შეუძლებელი შევძელით! მსოფლიოს უდიდესმა, გუგლის კულტურულმა ინსტიტიტუტმა თავის პლატფორმა დადიანების სასახლეებს დაუთმო! ზუგდიდი ხელოვნების სასახლის შემდეგ მეორე ქართული მუზეუმია რომლის კოლექციაც მრავალმილიონიანი მსოფლიო აუდიტორიის წინაშე გამოიფინა. „დადიანების სასახლეების საგანძური“ ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც წუხელ ღამის პირველ საათზე ჩაიტვირთა. ნიუ იორკში ამ პროცესს ჩვენი წარმომადგენელი მერი ხარაიშვილი უწევდა კოორდინაციას, რისთვისაც მას განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა, გამოფენა ლილი ბერაიას ნაშრომისა და ტექსტის საფუძველზე ხელოვნების სასახლის თანამშრომელმა მარიამ კიკვაძემ მოამზადა, მოამზადა თანაც ზედმიწევნით. ამ გამოფენას ორმაგი მნიშვნელობა აქვს: პირველი მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნოს ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი წარსული და ამასთანავე კულტურის, პირუთვნელი ფაქტების ენით მსოფლიოს დაანახოს ჩვენი ტერიტორიული ერთიანობის ისტორიული საფუძვლები. სწორედ ამიტომაც დამთვალიერებელი აქ იხილავს აფხაზეთიდან: ილორის, მოქვის უძვირფასესს ოქროს ხატებს დამშვენებულს ქართული წარწერებით და ქართველ ისტორიულ მოღვაწეთა სახელებით. მხოლოდ აქ, მხოლოდ გუგლის ტექნოლოგიების წყალობით უმცირეს დეტალებამდე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სამეგრელოს განძი, რომელიც ასე ბრწყინვალედ, ასე პომპეზურად მთელი მსოფლიოს გასაოცებლად და გასაოგნებლად პირველად გამოიფინა! ვულოცავ საკუთარ თავს, ხელოვნების და ზუგდიდის სასახლეების თანამშრომლებს!", - წერს გიორგი კალანდია
აქვე გეტყვით, რომ ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).