მსჯავრდებულები დღეს მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ "მთავარ არხს" და ციხეებში არსებულ სავალალო სიტუაციაზე უყვებოდნენ. ერთერთი პატიმარი ამბობს, რომ ციხეებში არც ექიმებია, არც წამლები, შეუძლებელია ტემპერატურის გაზომვა და, ამავე დროს არ არის პირბადეები.
ადვოკატების განცხადებით კი, გეგუთის ციხიდან და ქალთა კოლონიიდან პატიმრები მასობრივად გადაიყვანეს, რის შედეგადაც ციხეები ფაქტოვბრივად, დაიცალა. რაც შეეხება სხვა დაწესებულებებს, ადვოკატთა თქმით, პატიმრები აწვდიან ინფორმაციას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში კოვიდინფიცირებული პატიმრები საკნიდან არ გაჰყავთ და პროტესტის შემთხვევაში, სხვა პატიმრებთან ერთად კეტავენ.
სახალხო დამცველის მოადგილის თქმით, თავად აპარატის თანამშრომლებიც დარწმუნდნენ, რომ ზოგ შემთხვევაში ციხეებში პირბადეები და აუცილებელი დამცავი საშუალებები არ იყო.
"წლის განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი განვახორციელეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რიგ შემთხვევებში ჩვენც დავრწმუნდით, რომ ზოგან არ იყო პირბადეები და სხვა პრევენციული საშუალებები, მაგრამ მაშინ ის მოდელი, რომელიც არჩეული იყო პენიტენციური დაწესებულების მიერ, იძლეოდა იმის საშუალებას, პატიმრები ასე გადაადგილებულიყვნენ,
თუმცა, მას შემდეგ, რაც ქალთა ციხეში დაფიქსირდა კონკრეტული შემთხვევა, ასევე გავრცელდა ინფორმაცია მე-15 დაწესებულებაში შემთხვევის შესახებ, აუცილებელი ხდება, რომ მეტი დამცავი საშუალება იყოს გამოყენებული, ასევე, პატიმარი გათავისუფლებული იქნა აქტირების განკარგულებით, რაც ძალიან იშვიათია და რაც მაშინ ხდება, როცა არსებობს ალბათობა პატიმრების გარდაცვალების. შემდეგ ეს პირი, პატიმარი, ვისაც აქტირება შეეხო, გარდაიცვალა სამოქალაქო კლინიკაში და ინფორმაცია მის შესახებაც გამოვითხოვეთ", - განაცხადა '"თავართან" სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.
პენიტიენციური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო დანამდვილებით ისევ ვერ აკონკრეტებს - რამდენი კოვიდ პაციენტი ჰყავს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ამ დროს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგალითად, ქალთა კოლონიაში, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 35-დე გაიზარდა, ინფიცირებულ პარტიმრებთან ერთ საკანში კი სხვა პატიმრებიც არიან ჩაკეტილები.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების კუთხით პენიტენციურ სისტემაზე აჟიოტაჟის და დეზინფორმაციის საფუძველი არ არსებობს.
აქვე გეტყვით, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 612 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 419 ადამიანი.