აშშ-ს ისტორიაში მსოფლიომ პირველად ნახა პარალიზებული კაპიტოლიუმის შენობა, დროებით შეჩერებული ისტორიული სხდომა და ქაოსი ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ინსტიტუციაში.
როდესაც ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობიდან გაიყვანეს და კონგრესმა სხდომა განაახლა, ტრიბუნასთან რესპუბლიკელი და დემოკრატი კანონმდებლები მივიდნენ.
აშშ-სთვის უჩვეულო პოლიტიკური კრიზისის დროს, როდესაც ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარება უნდა მოხდეს, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი გამოსვლაში დროს საქართველოს უთმობს. შაჰინმა როგორც მაგალითი, 2012 წლის არჩევნები და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება გაიხსენა - მშვიდობიანად გადაებარებინა ხელისუფლება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის.
2012 წლის საქართველოსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გახსენებით, ამერიკელმა სენატორმა ყველას მიანიშნა, რომ დემოკრატიის მთავარი მონაპოვარი არა ძალაუფლების მოპოვება, არამედ მისი მშვიდობიანად გადაცემაა.
ჯინ შაჰინის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი და დიპლომატი კახა ლომაია.
საქართველოსთვის, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიისთვის, ეს მიღწევა ბიძინა ივანიშვილმა სრულად გაანადგურა - ფიქრობენ ოპოზიციის ლიდერები. მათი თქმით, ოცნების თავმჯდომარემ 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ოლიგარქიული რეჟიმი შექმნა და ხელისუფლება მიიტაცა.
სენატორ ჯინ შაჰინს საქართველო შემთხვევით არ უხსენებია, რადგან 2012 წლის არჩევნების დროს ის თბილისში იმყოფებოდა და კენჭისყრის მიმდინარეობას პირადად აკვირდებოდა.
დიპლომატები, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩები აცხადებენ, რომ 2012 წელს, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება მშვიდობიანად გადაებარებინა ხელისუფლება, განაცხადი იყო აღმოსავლეთ ევროპისთვის რომ დემოკრატიის განვითარებას ამ რეგიონში შანსი ჰქონდა.
დიპლომატები ამბობენ, რომ ამერიკის დემოკრატიამ გუშინ დიდი გამოცდა ჩააბარა და ეს დემოკრატიული ინსტიტუტების დახმარებით შეძლო. ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის პოლიტიკურმა პროექტმა კი დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ დიდი მარცხი განიცადა.
აშშ-ს დემოკრატიული სამყაროს ლიდერად დარჩენას ჰყავს თავისი გმირები. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რომ გუშინ ისტორიული როლი შეასრულა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა გაავრცელა.
მთელი მსოფლიო ახლა 20 იანვრის ინაუგურაციის მოლოდინშია. ამერიკის შეერთებულ შტატებში 46-ედ მოხდება ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანად - დემოკრატი ჯო ბაიდენისთვის.