პროკურატურის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მათი შუამდგომლობა და 19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ახელაურს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 06 იანვარს, საღამოს საათებში, ქ. თბილისში, გ.ა-სა და მის ძმას მ.ა.-ს შორის მათსავე საცხოვრებელ სახლში კონფლიქტი წარმოიშვა, რა დროსაც გ.ა.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, მ.ა. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა გ.ა. 2021 წლის 06 იანვარს დააკავეს.
სასამართლო დისტანციურ რეჟიმში დღეს, 8 იანვარს გაიმართა. ადვოკატი ბრალდებულისთვი გირაოს შეფარდებას ითხოვდა და ამბობდა, რომ საქმე არა განზრახ მკვლელობას, არამედ გაუფრთხილებლობას ეხება.
თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის გიორგი ახლოურმა წაკამათების შემდეგ ძმას ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენა. 19 წლის მიშო ახლოური საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
21 წლის ახელაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.