საეჭვოდ გამდიდრებულები - კორუფციული გარიგებებით ნაშოვნი მილიონები

გამოქვეყნდა:

მაღალი თანამდებობის პირების კორუფციულ გარიგებებზე ახალი კვლევა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" გამოაქვეყნა. ანგარიშში ათეულობით მოქმედი და ყოფილი ჩინოვნიკი მოხვდა, რომელთა უეცარი გამდიდრებაც კორუფციის ეჭვებს ბადებს. მკვლევარებმა რამდენიმე კატეგორიის კორუფციული სქემა გამოავლინეს. 

ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე ერთერთია იმ ყოფილ ჩინოვნიკებს შორის რომელიც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში მოხვდა. 

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ყოფილი პროკურორი მოულოდნელად და კოლოსალურად გამდიდრდა. მისი სახელი მედიაშიც სხვადასხვა საეჭვო გარიგებების გამო არაერთხელ მოხვდა, ისევე როგორც მოულოდნელად გამდიდრებულთა სიაში შევიდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში ორი სახლი აიშენა, თუმცა ამ სახლების მშენებლობაზე გაწეული ხარჯები ქონებრივ დეკლარაციაში არც კი შეუტანია. 

მნიშვნელოვანი ქონება დააგროვა თანამდებობიდან წასვლის შემდეგ შს ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემაც. ეს მოულოდნელი გამდიდრება ეჭვს იწვევს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებშიც. 

"აი ფაქტი" მსგავს კორუფციულ სქემებზე საგამოძიებო საქმიანობას წლებია ატარებს და ამის შესახებ არაერთხელ უსაუბრიათ, თუმცა მათ მიერ გამოქვეყნებული ფაქტები როგორც წესი რეაგირების გარეშე რჩება. 

კორუფციულ სქემებზე მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციაც", თუმცა რეაგირება მის მიერ გამოქვეყნებულ მასალებსაც არ მოჰყოლია. 

ქეთი ენუქიძე იმ სისტემის შესახებ საუბრობს რომელიც საქართველოში მოქმედებს. ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება შეუძლია ნებისმიერს და ამისთვის საწესდებო კაპიტალი მინიმალური შეიძლება იყოს, თუმცა ამის შემდეგ თუ ბიზნესმენს არ ყავს ე.წ. მფარველი სამთავრობო სტრუქტურებში, მისთვის დიდი ბიზნესის კარი დახურულია. 

გავლენიანი მფარველი კი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.

ოპოზიცია დარწმუნებულია რომ მისი ნების გარეშე დღეს ქვეყანაში მსხვილი ბიზნესის წარმოება ან მსხვილი ტენდერის მოგება წარმოუდგენელია. 

დასახელებული სამი ყოფილი ჩინოვნიკის გარდა, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაში მოხვდნენ მინისტრების მოადგილეები, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები, რამდენიმე ათეული თანამდებობის პირი და როგორც არასამთავრობოში ამბობენ, ეს სრული სია არ არის. უახლოეს მომავლში "გამჭვირვალობა" ახალი მასალების გამოქვეყნებასაც აპირებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი