საქართველოს ფოსტის გორის სერვისცენტრის კურიერები სამსახურიდან გაუშვეს. შრომითი ხელშეკრულება 11 თანამშრომელს შეუჩერდა.
გათავისუფლების შესახებ წერილები თითოეულმა თანამშრომელმა გენერალური დირექტორისგან, ლევან ჩიკვაიძისგან მიიღო.
8 იანვრით დათარიღებულ წერილში წერია, რომ ფოსტის თანამშრომლებმა 2021 წლის 5 იანვრიდან "უკანონო გაფიცვა" მოაწყეს.
"იმის გათვალისწინებით, რომ 2021 წლის 5 იანვრიდან უარს აცხადებთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაზე გაცნობებთ, რომ ფოსტასა და თქვენს შორის შრომითი ურთიერთობა შეჩერებულია", - წერია წერილში.
ცნობისთვის, ფოსტის კურიერები 5 იანვარს, ხელფასის მომატების და ჯანმრთელობის დაზღვევის მოთხოვნით გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, მიზერულ ანაზღაურებაზე უწევთ მუშაობა, იმ ფონზე რომ მათი საქმე 40%-ით გაზრდილია.
ამ ფონზე კი, გორში უკვე რამდენიმე დღეა საკურიერო მომსახურეობა პარალიზებულია, ფოსტის ფილიალთან კი, დაუსრულებელი რიგებია.