
ბუნებრივი აირის ქსელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არჩევნებამდე გაიყვანეს, ადგილობრივები ჯერ კიდევ სამუშაოების შესრულების პროცესში ამბობდნენ, რომ სისტემას ხარვეზები ჰქონდა, თუმცა, სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომლები უმტკიცებდნენ, რომ ქსელი გამართულად იმუშავებდა.
31 ოქტომბრის არჩევნებამდე ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დაპირდა, რომ სოფელ აგარასა და ყოროლოსთავში გაზიფიკაციის პროცესი გასული წლის შემოდგომაზე დასრულდებოდა. თუმცა ისევე როგორც სხვა არაერთ შემთხვევაში, 200-მდე ოჯახი მოტყუებული დარჩა და წინსაარჩევნოდ გაცემული დაპირება აღარავის გახსენებია.
ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ საკუთარ ბაღებში ხეხილის ხეები მოჭრა და ზამთარში თავის გატანას ასე ცდილობს, რადგან მუნიციპალიტეტში არსებული ტყის მასივი სახელმწიფომ დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა და ადგილობრივებს ტყის რესურსზე წვდომა შეუწყვიტა.
უხარისხო მილების გაყვანაში აჭარის მთავრობამ ჯამში მილიონ ნახევარი ლარი გადაიხადა და მიღება-ჩაბარების აქტიც გააფორმა. ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას სახელმწიფო ბიუჯეტის ფლანგვაში ადანაშაულებენ.
ხელვაჩაურის მერი პასუხისმგებლობას იხსნის და ამბობს, რომ ქსელის მოწყობა უკვე დასრულებულია და სამუშაოები ხარისხიანად შესრულდა. გაზის მიწოდებაზე კი, პასუხისმგებლობას "სოკარ გაზ ჯორჯიას" აკისრებს.
"სოკარის" რეგიონალური წარმომადგენელი განმარტავს, მუნიციპალიტეტის გამგეობას სისტემა ექსპლუატაციაში მისაღებად ბუნებრივი არის მიმწოდებელი კომპანიისთვის არ გადაუცია.
აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გაზიფიკაციისათვის გამოყოფილი თანხა დახარჯულია, რამდენიმე თვის წინ გაყვანილი მილები შესაკეთებელია, რაზეც პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ზამთარში გათბობის გარეშე დარჩენილი ადგილობრივები ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას უკვე ათეული წელია უშედეგოდ ელიან.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი