ქარელის ფოსტის ყოფილი მენეჯერი ერთერთია საქართველოს ფოსტის იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომელმაც საგანგებოდ გამართულ თათბირზე დირექტორ ლევან ჩიკვაიძისგან არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის დავალება მიიღო.
ანა ბალიაშვილი “მთავარ არხს” უყვება, რომ მაშინ ჩიკვაიძე უფრო შორის წავიდა და ფოსტის სერვისცენტრების მენეჯერებს საკუთარი და მათი ოჯახის წევრების პირადი ინფორმაციის მისთვის გადაცემა დაავალა.
ლევან ჩიკვაიძე სამი კომპანიის - "საქართველოს ფოსტის", "საქართველოს ლატარიისა" და კომპანია "ექსპრესის" ხელმძღვანელია - ჯამში სამი სახელმწიფო შპს-დან ყოველწლიურად თითქმის 170 000 ლარს იღებს.
გარდა ამისა, "ოცნების" ხელისუფლების მაღალჩინოსნების ნათესავებს ფოსტაში, სავარაუდოდ, ხელშეუხებლობის გარანტიის გამო ასაქმებს.
სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი ამბობს, რომ მაღალჩინოსნების ნათესავები პრივილეგიებით სარგებლობენ და მეტიც, სხვა თანამშრომლებთან შედარებით გაორმაგებული ხელფასებიც აქვთ.
ფანქველაშვილს ამის მაგალითად ფოსტის გორის სერვისცენტრს მენეჯერიც მოჰყავს, რომელიც შს მინისტრის გავლენიანი მოადგილის, კახა საბანაძის დეიდაა.
"მთავარი არხის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა თავად საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელმა
ოპოზიციაში კარგად იციან ქართული ოცნებისა და საქართველოს ფოსტის ხელმძღვანელის კარგი ურთიერთობის შესახებ და ამბობენ, რომ ქართული ოცნება არჩევნებზე გამარჯვებისთვის ყველა რესურს იყენებს.
ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება რომ ჩიკვაიძე ქართული ოცნების აქტიური შემომწირველია. მხოლოდ სამ არჩევნებზე ჯამში ბიძინა ივანიშვილის პარტიას 48 ათას ლარზე მეტი შეწირა - მათ შორის სიმბოლური თანხა სალომე ზურაბიშვილს 500 ლარი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, თუმცა ჩიკვაიძე ზურაბიშვილს ხმების მობილიზებაში დაეხმარა და მის არჩევნებში გამარჯვებას ხელი შეუწყო.