დარჩება თუ არა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ამ დრომდე გაურკვეველია. დემოკრატიული პარტია მოქმედ პრეზიდენტს თანამდებობის დაუყონებლივ დატოვებისაკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტით ემუქრება.
CNN-მა უკვე გაავრცელა დემოკრატიული პარტიის მიერ შემუშავებული რეზოლუცია, რომელსაც 11 იანვარს წარმომადგენლობითი პალატის წინაშე წარადგენს. ეს ამერიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც კონგრესი მოქმედი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ხელმეორედ განიხილავს.
გარდა იმპიჩმენტისა, დონალდ ტრამპი შესაძლოა კიდევ ერთი უპრეცედენტო მოვლენის ავტორი გახდეს. მოქმედი პრეზიდენტი ბოიკოტს 20 იანვრის ინაუგურაციას უცხადებს. მსგავსი ფაქტი ამერიკის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 1869 წელს მოხდა, როდესაც პრეზიდენტ ულის გრანტის ინაუგურაციას მისი წინამორბედი ენდრიუ ჯონსონი არ ესწრებოდა. გავრცელებული ინფორმაციით 20 იანვარს დონალდ ტრამპი ფლორიდაში, მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.
ტრამპის ბოიკოტის მიუხედავად, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი. ამერიკული მედიის, ინფორმაციით მაიკ პენსი გუნდსა და არჩეული პრეზინდეტის ჯო ბაიდენის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაც შედგა, სადაც 25-ე მუხლის ამოქმედებასა და დონალდ ტრამპის ვადამდელ გადაყენებაზე იმსჯელეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტი საკუთარ ადმინისტრაციაში 25-ე მუხლის ამოქმედებაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 6 იანვარს დონალდ ტრამპის მომხრეებმა კაპიტოლიუმზე შტურმი მიიტანეს. არეულობას 5 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ერთი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერი, მეორე კი, სამხედროს ძალების ვეტერანია. დაპირისპირება, მას შემდეგ დაიწყო რაც მოქმედმა პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს კაპიტოლიუმის მიმართულების მსვლელობისაკენ და 3 ნოემბრის არჩევნების შედეგების დაცვისკენ მოუწოდა.