ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები, რომლებსაც "ოცნების" დასავლური ფარდა დაარქვეს, დღეს უკვე ყოფილი პარტიის შენობაში 20 წუთს გაჩერდნენ, ვის შეხვდნენ და რაზე ილაპარაკეს ეს თემა გასაიდუმლოებულია.
იმ დროს როდესაც ოცნებიდან წასული დეპუტატები როსტომ მეფის სასახლეში მივიდნენ, შენობაში იმყოფებოდა ბიძინა ივანიშვილი, თუმცა პარტიის ლიდერები არ ამბობენ შეხვდა თუ არა ოლიგარქი უკვე ყოფილ თანაგუნდელებს.
ქართულ ოცნებაში რღვევა ჯერ არ დასრულებულა. დღეს უმრავლესობის რიგები კონსერვატორებმა დატოვეს და დემარშით წასული დეპუტატების რიცხვი 12- მდე გაიზარდა.
ზვიად ძიძიგურმა ქართულ ოცნებას დღეს წითელი ბარათი უჩვენა და გააფრთხილა, ბევრი არ ილაპარაკონ გუნდზე, რომელმაც ქართული ოცნება დატოვა.
ქართულ ოცნებაში კი არ მალავენ, რომ წასულების უკან დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა წასულები ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას არ შეცვლიან.
მოლოდინის მიუხედავად უმრავლესობა არ დატოვა რომან კაკულიამ. დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ გუშინ ერთი დღე ითხოვა მოსაფიქრებლად. კაკულიამ დღეს განაცხადა, რომ მძიმე რეპუტაციული ტვირთის ტარება მოუწევს, მაგრამ ოპოზიციისთვის ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
უმრავლესობიდან დემარშით წასულები სავარაუდოდ 2 ფრაქციას შექმნიან. ჯერჯერობით ისინი კონკრეტულ გეგმებზე არ საუბრობენ და კონსულტაციებს აანონსებენ. ხვალ დილით კი "ოცნებაში" უმრავლესობის მორიგი სხდომაა ჩანიშნული.