"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა დასახელდა. განცხადება კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მისივე თქმით, კობახიძეს შაბათს, 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ, ამავე დღეს დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა.
პარტიის ყრილობა გაიმართება შაბათს, 16 იანვარს და მას დაესწრება 400-მდე დელეგატი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყრილობა აირჩევს ახალ თავმჯდომარეს და პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას. პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძის კანდიდატურა - თქვა კალაძემ.
კალაძის თქმით, პოლიტსაბჭოში 21 ადამიანი შევა. ხოლო ვინ იქნებიან ისინი, "ოცნებაში" ამაზე დღეს არ უსაუბრიათ.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს თავმჯდომარეობიდანაც და პოლიტიკიდანაც კიდევ ერთხელ წავიდა და ვრცელი გამოსამშვიდობებელი წერილი გაავრცელა.