
"გილოცავთ ხელისუფლების ცვლილებას, ვინც მართლა განიხილავთ რომ წავიდა" - ასე ეხმიანება "ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი, ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლას. ელენე ხოშტარია წერს, რომ რეალობა არასწორად არ უნდა შეფასდეს. ხოშტარიას აზრით, ივანიშვილი არსად წასულა, რადგან მისი გავლენები და მისი პირადი კადრები ისევ თანამდებობებზე არიან:
"გილოცავთ ხელისუფლების ცვლილებას, ვინც მართლა განიხილავთ რომ წავიდა:-)
წასვლა ნიშნავს სადავეების აღარარსებობას, დათმობაც კი არასწორი სიტყვაა, თუ გაქვს და ამბობ აი აღარ გამოვიყენებ, სიტყვაზე მენდეთ, არ არსებობს. აი პოლიციელი დადის დუბინკით, იარაღით და ამბობს აღარ ვარ პოლიციელი აღარ გამოვიყენებ ამასო.
ეხლა აქვს თუ არა სადავეები? წარმოიდგინეთ გომელაური, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას და როგორც მინიმუმ, არ ფიქრობს ბიძინაზე. ან შოთაძე, ან კობახიძე, ან თალაკვაძე... სია უსასრულოა და ეხება ყველა ინსტიტუტს. ამას თეორიული კამათისთვის არ ვამბობ, არასწორად შეფასებული რეალობა შეცდომებს დაგვაშვებინებს. სისტემა გვაქვს დასანგრევი ბიძინას მეთაურობით და თუ მის მეთაურობას აღარ ვითვალისწინებთ, არასწორად ვივლით", - წერს ელენე ხოშტარია.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან და პარტიის თავმჯდომარეობიდან დღეს კიდევ ერთელ და უკვე მეორედ წავიდა და საზოგადოებას ვრცელი წერილით დაემშვიდობა.