წერილით მოსული წერილით მიდის - გავლენები და რჩება 

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ "ოცნების" ნაწილმა ოლიგარქის გამოსამშვიდობებელი წერილით გაიგო. 

უხერხული მდგომარეობიდან თავის დაძვრენა ბიძინა ივანიშვილის ქებითა და ტრადიციული მადლობებით სცადეს. შემდეგ იყო ერთიანი გზავნილი -  ბიძინა ივანიშვილზე, როგორც დიდ ქველმოქმედებაზე.

ის რაც კამერის წინ სიტყვიერად არ თქვეს, ბიძინა ივანიშვილს საგანგებოდ სამადლობელი სიტყვები პარტიის გენერალურმა მდივანმა კახი კალაძემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ახლა უკვე მისმა შემცვლელმა ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში დაუწერეს. 

პოლიტიკაში 2011 წელს წერილით მოსული ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკიდან ფორმალურად ისევ წერილით წავიდა. 

ვრცელი მიმართვის პირველივე ნაწილში განმარტა, რომ მისია ამოწურა და ახლა დროა კერძო ცხოვრების წესს დაუბრუნდეს. გაირკვა რომ ამისი მიზეზიც აქვს - 65 წლის ხდება და პენსიაზე გასვლა უწევს. 

ივანიშვილი რეალურად არსად წასულა- ამტკიცებენ მისივე ყოფილი თანაგუნდელები და ამბობენ, რომ ოლიგარქმა უბრალოდ მძიმე პოლიტიკური კრიზისზე პასუხისმგებლობა მოიხსნა, რადგან ახლაც აკონტროლებს ხელისუფლების ყველას შტოს. 

ივანიშვილის პირდაპირი გავლენა ვრცელდება სუს-ზე, რომლის უფროსიც გრიგოლ ლილუაშვილი მისი "ქართუ" ჯგუფის ყოფილი გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო. 

ივანიშვილს ემორჩილება გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. 

სრულად აკონტროლებს ძალოვან უწყებებსაც. მისი დაცვის ყოფილი წევრებიდან - ვახტანგ გომელაური შს მინისტრია, ანზორ ჩუბინიძე კი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ხელმძღვანელობს. 

მთავრობიდან კი ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ემორჩილებიან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ვიცეპრემიერი მაია ცქიტიშვილი. ისინი 2012 წლამდე ქართუ ჯგუფში სხვადასხვა მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. მინისტრთა კაბინეტში ოლიგარქის კადრია, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც გამინისტრებამდე ივანიშვილების ოჯახის პირადი სტომატოლოგი იყო. 

მთავრობის არაფორმალურ მართვას ემატება, ბიძინა ივანიშვილის სრული გავლენა სასამართლო სისტემაზე. 

გარდა იმისა, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი წლებია მის მორჩილებაშია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე შალვა თადუმაძე ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატია. 

ოლიგარქს გავლენა აქვს უმაღლეს ინსტანციაზეც, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი მისი ყოფილი თანაგუნდელები არიან. 

ოპონენტები დარწმუნებულები არიან რომ ამ წასვლით ბიძინა ივანიშვილი პარტინიორებს ატყუებს რომ ის პროცესებიდან შორს არის. ოპოზიციის თქმით, ოლიგარქს არ სურს ერთპარტიული პარლამენტის შემქმნელი  ეწოდოს და ცდილობს არ იყოს პასუხისმგებელი იმ მწვავე პოლიტიკურ კრიზისზე რომელიც შესაძლოა გაზაფხულზე შეიქმნას და ოცნებას რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოუწიოს. 

ოპოზიცია დარწმუნებულია რომ ის მესამედაც მოვა, თუ არადა ვიდრე ოცნება ხელისუფლებაშია, არაფორმალურ მმართველად მაინც ყოველთვის დარჩება. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი