
ენმ-ის წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლით გამოწვეული ფორმალური ცვლილებები არაფერს ნიშნავს, რადგან ოლიგარქის გავლენები ხელისუფლების ყველა შტოში რჩება.
"ივანიშვილის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება მის პირად შიშს, ფაქტია, რომ ის აპირებს დანაშაულის ადგილიდან მიმალვას, დანაშაულის ადგილი კი არის ჩვენი ქვეყანა. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარედ კობახიძის დატოვებას, ეს არის ცინიზმის კიდევ ერთი გამოვლინება: გავრილოვის ჩამომყვანი კაცი ჯერ საარჩევნო შტაბის თავმჯდომარედ დანიშნეს და ახლა პარტიის თავმჯდონარედ", - ამბობს "მთავართან" ლევან ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, ოლიგარქმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსამშვიდობებელი წერილით დაანონსა პოლიტიკიდან მეორედ წასვლა, რაც ოპოზიციის უმეტეს ნაწილს არ სჯერა. ისინი მიიჩნევენ, რომ მილიარდელის გადაწყვეტილება მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს ცვლის.
16 იანვარს,"ქართული ოცნების" ყრილობაზე, თავმჯდომარეობას ივანიშვილის ფავორიტი სპიკერი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც, რომელიც 15-ის ნაცვლად უკვე 21 წევრს გააერთიანებს, თუმცა ფორმალური ცვლილებები მაინც არაფერს ნიშნავს, რადგან ოლიგარქის გავლენები ხელისუფლების ყველა შტოში რჩება.