საგანგებო მდგომარეობის დროს ფინანსთა სამინისტრომ საწვავში თითქმის 30 000 ლარი დახარჯა

გამოქვეყნდა:

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა თითქმის 30 ათასი ლარის, 16 624 ლიტრი საწვავი მოიხმარეს. "ფლანგვის დეტექტორმა" დაადგინა, რომ 4 თვის განმავლობაში, 2020 წლის თებერვალ-მაისის პერიოდში ივანე მაჭავარიანმა, მისმა მოადგილეებმა და თანამშრომლებმა 16 624 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რამაც 29 777 ლარის ღირებულება შეადგინა. 

გამოდის, რომ თითოეულ თვეში სამინისტროს თანამშრომლები საშუალოდ 4 156 ლიტრ საწვავს მოიხმარდნენ, რაც საშუალოდ თვეში 7 444 ლარს შეადგენდა. მკვლევარები სახელმწიფო ბიუჯეტით შესყიდული საწვავის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ უწყების თანამშრომლები საწვავს სავარაუდოდ პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ.

"4 თვის განმავლობაში, როცა საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული ფინანსთა სამინისტრომ მოიხმარა 30 ათასი ლარის ოდენობის, 16 ათასი ლიტრი საწვავი, ხოლო მაშინ, როდესაც არ იყო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული, იმ 4 თვეში მოიხმარა 18 ათასი ლიტრი საწვავი, ეს ცოტა უცნაურია იმ ფონზე, როცა სად შეიძლება იმდენს გადაადგილებოდე, რომ კომენდატის საათია და აკრძალულია ავტომობილი გამოიყენო", - ამბობს "ფლანგვის დეტექტორის" მთავარი მკვლევარი, ანა აბაშიძე.

"ფლანგვის დეტექტორმა" ასევე გაარკვია, რამდენი საწვავი მოიხმარა და ამაში რა გადაიხადა ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდში - 35 165 ლიტრი საწვავი, რაც 62 539 ლარის ღირებულების იყო. გამოდის, რომ სამინისტრომ იანვარში, ივნისში, ივლისსა და აგვისტოში თითქმის ანალოგიური რაოდენობის - 18 541 ლიტრი საწვავი მოიხმარეს, რაც ზემოთ აღნიშნული დანარჩენი ოთხი თვის განმავლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი