
გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკაში ერთჯერადად დაბრუნდეს, ამის მიზანი კი ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა იქნება.
ხუხაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა შეთანხმება, არ მიეღო მონაწილეობა სხვა პოლიტიკურ პროექტში, სანამ თავად მილიარდერი იქნებოდა პოლიტიკაში, თუმცა, ხუხაშვილისვე თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილს მისთვის არ უთხოვია.
გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა, როცა "ოცნების" თავმჯდომარე ხდება ირაკლი კობახიძე, დაუშვებელია განზე გადგომა.
"მე თუ პოლიტიკურ პროექტში მივიღებ მონაწილეობას, ეს ისევ ერთჯერადი მონაწილეობა იქნება, არ არის პოლიტიკა ახლა ჩემი საქმე იმდენად, რომ გრძელვადიან პროექტზე ვიფიქრო და არც იმ ასაკში ვარ, მაგრამ როგორც ერჯერად პროექტში, მონაწილეობას ვაპირებ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი აღსდგეს, იმიტომ რომ ამ მიმართულებით კობახიძე შეუქმნის საფრთხეს ყველაფერს. რა ფორმით მოხდება ეს, ვინმესთან თანამშრომლობით, ახალი პლატფორმა შეიქმნება თუ როგორ, ამას მომავალი გვიჩვენებს, - ამბობს გია ხუხაშვილი.
16 იანვარს,"ქართული ოცნების" ყრილობაზე, თავმჯდომარეობას ივანიშვილის ფავორიტი სპიკერი და პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჩაიბარებს, დამტკიცდება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობაც, რომელიც 15-ის ნაცვლად უკვე 21 წევრს გააერთიანებს და მასში შევლენ ლაშა ნაცვლიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ასევე, "მთავარის" ინფორმაციით, ივანიშვილი თავისი კვოტით პოლიტსაბჭოში შეიყვანს ეკატერინე ტიკარაძეს, როგორც ოჯახთან დაახლოებულ პირს.
შეგახსენებთ, ოლიგარქმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გამოსამშვიდობებელი წერილით დაანონსა პოლიტიკიდან მეორედ წასვლა, რაც ოპოზიციის უმეტეს ნაწილს არ სჯერა. ისინი მიიჩნევენ, რომ მილიარდელის გადაწყვეტილება მხოლოდ პარტიის თავმჯდომარეს ცვლის.