
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის წერილს ასაჯაროებს, რომელშიც ემანუელ მაკრონი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის მნიშვნელობასა და სტრატეგიული დიალოგის დაფუძნებაზე საუბრობს.
"ქალბატონო პრეზიდენტო, ძვირფასო სალომე, მადლობას მოგახსენებთ 2020 წლის 30 ნოემბრის წერილისთვის, რომელსაც ყურადღებით გავეცანი. ორიენტირებულია რა ევროპაზე, თქვენს ქვეყანას საფრანგეთი მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, რომელთანაც, როგორც მოგეხსენებათ, მსურს რომ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობები. ამის დასტურია ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაფუძნება, რომელიც ჩვენ ერთად დავაარსეთ და რომელმაც უკვე დაიწყო ფუნქციონირება და პირველი შედეგების ჩვენება. სამხრეთ კავკასიის პრობლემურ კონტექსტში, ჩვენს ქვეყნებს შორის სიახლოვეს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც ხაზგასმით აღინიშნა საფრანგეთ-გერმანიის 12 დეკემბრის განცხადებაში", - ვკითხულობთ წერილში.
ამასთან, მაკრონი იუსტიციის ამჟამინდელ მინისტრზე, გოჩა ლორთქიფანიძეზეც წერს და ამბობს, რომ "შესანიშნავი კანდიდატია" სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის.
"დამოუკიდებელმა საკონსულტაციო კომისიამ დაადასტურა რომ თქვენს კანდიდატს გააჩნია აუცილებელი კვალიფიკაცია საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლის პოსტისთვის და ჩვენც ასევე აღვნიშნეთ ღია განხილვისას რომ ბატონი ლორთქიფანიძე შესანიშნავი კანდიდატი იყო.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ქვეყნებმა შეინარჩუნონ და გააძლიერონ მხარდაჭერა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსადმი, რომელიც მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის წყაროს წარმოადგენს"
წერილი სრულად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.