შეტევა გახარიაზე - "ოცნებაში" ახალი ომი დაიწყო

გამოქვეყნდა:

დაშლილი თუ აშლილი დატოვა იმ ერთმა კაცმა ის ერთი პარტია, ზამთრის მერე გამოჩნდება. ვინც პოლიტიკიდან არსად წასულან, დიდ ამბებსაც გაზაფხულიდან აანონსებენ. მანამდე კი, მარკშეიდერის გარეშე დარჩენილი "ქართული ოცნების" პარტიულ ბზარებზე ღიად საუბრობენ.

ივანიშვილის მხრიდან ე.წ. სამართალმემკვიდრედ დატოვებული კობახიძე აშკარა ცეცხლის გახსნაა იმ კლანისთვის, რომელსაც აქამდე გახარია და მისი გუნდი ერქვა. ის რომ კობახიძე-გახარია ერთი პარტიის ორი დაპირისპირებული მხარეა, თანაც "ცივი ომის" პირობებში ეს ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა - გახარიას უნდოდა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელი მაინც კობახიძეს დარჩა.

"ოცნებიდან" წასულების ნაწილი საჯაროდ ვერა, მაგრამ "მთავართან" პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ "გავრილოვიადას" მთავარი  გმირის ახალი გამოჭენება პარტიულ ასპარეზზე, ძველების წასვლის წინაპირობა იქნება. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ პირველი ვინც, მართვის სადავეებს გამოემშვიდობება, გიორგი გახარია და ეკონომიკური გუნდი იქნება. 

ვინც ისევ შეინარჩუნებს სავარძელს, მიუხედავად იმისა, რომ ვერც ეფექტურად მართა პანდემიური მენეჯმენტი და ვერც რეფორმებით დაამახსოვრა თავი მოსახლეობას - ჯანდაცვის მინისტრია. 

ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის პირადი სტომატოლოგის მეგობრობა უფრო მაღლა დგას, ვიდრე საკადრო პოლიტიკა თუ შიდა პარტიული ომი.

პარლამენტში არ დაგვხვდა, თუმცა კობახიძე-გახარიას დაპირისპირებაზე ირაკლი ჩიქოვანს ვკითხეთ, რომელმაც მოქმედი პრემიერის პოლიტიკასა და განწყობებზე ყველაზე მეტი იცის. 

კანცელარიიდან, პარლამენტში გადაბარგებულმა ირაკლი ჩიქოვანმა ტელეფონზე გვიპასუხა, თუმცა არაფერი გვითხრა.

"ქართული ოცნების" ცალკე ფრთა და ცალკე პარტიული თამაშია თბილისის მერი კახი კალაძე. მის მზარდ პოლიტიკურ ამბიციებს საქართველოს დედაქალაქის თავკაცობა წლებია უკვე აღარ აკმაყოფილებს. ამიტომ, როგორც სამთავრობო კულუარებში ამბობენ, კალაძე პარტიული და კლანური ახალი გადანაწილების შემდეგ, პრემიერის სავარძელს უმიზნებს. მხარდაჭერას პირველ რიგში მმართველ პარტიაში 
"მეორესუნთქვაგახსნილ" კობახიძეს მოსთხოვს, რადგან ვალს დაბრუნება უნდა, თანაც დივიდენდებით, თუმცა კალაძეს საკუთარი ბანაკის წევრები მეათე მოწვევის პარლამენტშიც ეგულება. 

ის, რომ ივანიშვილის წასვლით ,,ქართული ოცნება“ შიდა ომის ახალ ფაზაში გადადის და გასაწირთა კონკრეტული სიაც, წასვლამდე მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ჩააბარა უკვე ,,ქველმოქმედებაში დაბრუნებულმა“ ბიძინამ, ეს მმართველ პარტიაში ყველა კლანმა იცის. ისევე როგორც იმ მინისტრებმა, ვინც უნდა მოვიდნენ გამოზამთრებულ პოლიტიკაში იციან, რომ ახლა მთავარია ოსტატურად გადაბარგდნენ იმ ნავში, მანამდე მგზავრების რიგი რომ ჯერ ღარიბაშვილს, მერე კვირიკაშვილს და მერე გახარიას ედგათ.

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი