საგარეო უწყება ივანიშვილზე უცხოეთში წერილებს აგზავნის - ოლიგარქისთვის მობილიზებული სახელმწიფო რესურსი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის ინტერესებისთვის და მისი იმიჯის გადასრჩენად მობილიზებული სახელმწიფო რესურსი - "მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო მისიების ოფიციალურ მისამართებზე წერილებს აგზავნის.

ერთში საუბარია "ქართული ოცნების" მმართველობის მიღწეულ პროგრესზე, მეორე კი ასეა დასათაურებული: "ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკოსი, ფილანტროპი, ბიზნესმენი".

"ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 2011 წელს დააფუძნა და 2012 წლის არჩევნებზე დაამარცხა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". შიშისა და ტერორის მიუხედავად, "ოცნებამ" მოსახლეობის სრული მხარდაჭერდა და უპრეცედენტო რაოდენობის ხმები მოიპოვა.

2012 წლიდან დაიწყო ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნა... იმ პირებს კი, რომლებიც მანამდე ძალადობრივ სისტემას ქმნიდნენ, სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრათ, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დღემდე ქვეყნიდან გაქცევით არიდებს თავს...

გამარჯვების შემდეგ, ივანიშვილმა 1 წლით პრემიერმინისტრობის პოსტი დაიკავა. 2013 წლის ნოემბერში კი გადადგა და საზოგადოებას უთხრა, რომ პერიოდულად "ქართულ ოცნებას" კონსულტაციებს გაუწევდა", - ვკითხულობთ მასში.

გარდა ამისა, წერილში უწყება ამტკიცებს, რომ ივანიშვილს არასდროს სდომებია ძალაუფლება, რისი დასტურიც მის მიერ პრემისრიმინისტრობაზე უარის თქმაა.

"2018 წლის მაისში ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდა, დროებით დაბრუნებულიყო პოლიტიკაში, როგორც პარტიის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, მას შეეძლო დაეკავებინა პრემიერმინისტრის პოსტი პარტიის ლიდერის თანამდებობის პარალელურად, რაც ლოგიკური იქნებოდა საზოგადოებაში მისი პოლიტიკური წონის გათვალისწინებით, თუმცა მან მეორედაც განზრახ თქვა უარი ამ პრივილეგიაზე, რაც ცოცხალი დასტურია, რომ ბიძინა ივანიშვილს არასდროს სურდა ძალაუფლება და არც მისი შენარჩუნების მცდელობა ჰქონია. ის ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას საფრთხეების განეიტრალებასა და საზოგადოებისთვის მნიშნელოვანი პრობლემების მოგვარებაზე", - ვკითხულობთ წერილში.

შეგახსენებთ, რომ 11 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა "ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობას დატოვა და პოლიტიკიდან ისევ წავიდა.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ბიძინა ივანიშვილის მონაცვლეობით დაკავებული, დატოვებული და ხელმეორედ დაკავებული თანამდებობები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი