სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგი –NGO-ები ბუკნარზე

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციები, ბუკნარში მიმდინარე მოვლენებს აფასებენ და შსს–ს მოუწოდებენ  მუსლიმი თემისთვის უსაფრთხო გარემო უზრუნველყონ.

"მუსლიმებმა ადგილზე კერძო სახლში ლოცვის აღსრულება დაიწყეს, დაახლოებით ერთი თვის წინ ამ საკითხზე უკმაყოფილება გამოხატეს ადგილობრივმა მართლმადიდებლებმა, ამან ფიზიკური დაპირისპირების ფორმა მიიღო ჯერ 11 იანვარს, შემდეგ გუშინ, როცა სამი მუსლიმი პირი დაზიანდა, მათ შორის არასრულწლოვნები, მერს მოუწოდებია ადგილობრივი თემებისთვის, რომ კერძო სახლი სამი მუსლიმის და სამი მართლმადიდებლის კერძო საკუთრებაში გადაცემულიყო და ამგვარად მოლაპარაკებულიყვნენ მხარეები, თუმცა ცხადია, რომ მუსლიმი თემისთვის ეს მისაღები პირობა არ იყო. ამ ეტაპზე, ჩვენი მოწოდება მიემართება პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოახდინოს კონფლიქტის პრევენცია, დეესკალაცია და მუსლიმებისთვის უზრუნველყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო." – ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე

მესამე სექტორის შეფასებით, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ქრისტიანობის სახელით ძალადობა, სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. 

"ადგილობრივი მოსახლეობა, ქრისტიანობის სახელით, უპირისპირდება, ძალადობს, დევნის ადამიანებს და უშლის მათ საკუთარი კონსტიტუციური უფლებებით სარგებლობას, რომ შეიკრიბონ და ილოცონ. ეს ყველაფერი ვიტყვი, რომ არის სახელმწიფოს დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგი. თუნდაც ის განცხადებები, რომლებიც ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, უმაღლესი თანამდებობის პირებისგან რომ ჩვენ ვართ მართლმადიდებლური სახელმწიფო, მხოლოდ უმრავლესობას აქვს თავისი რელიგიური დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა და უმცირესობას არა, ეს ყველაფერი აქეზებს ზუსტად ასეთ დამოკიდებულებას" –ამბობს ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელი მაკო ღავთაძე 

შეგახსენებთ, ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.  

ავტორი: დეა მამისეიშვილი

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი