საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემული ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში დავითგარეჯის რუკების ჩამომტანი დავით ხიდაშელი გმირად აღიარა, ოპოზიციაში აფასებენ, როგორც პირდაპირ გზავნილს პროკურატურისა და სასამართლოსთვის.
არაა გამორიცხული, რომ პროკურატურამ და სამართლომ უკვე მიიღო დაკავებული კარტოგრაფების ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამაგალითოდ დასჯის მითითება - ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დელიმიტაციის კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი მანჯგალაძე პროკურატურაში მეორედ დაიბარეს.
"ივანიშვილის ეს აღიარება ადასტურებს კრემლის ხაზს, ვინაიდან სწორედ კრემლის პროექტია დავით ხიდაშელი", - ამბობს ელენე ხოშტარია.
საზმაუსთვის მიცემულ ინტერვიუში ამ აღიარებით, ივანიშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმის მთავარი ფიგურანტი სწორედ მილიარდერია, რომელიც პროკურატურას არაფორმალურ პოლიტიკურ განკარგულებებს აძლევს და ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებს მსხვერპლად სწირავს ორი მეცნიერის კარიერასა და სიცოცხლესაც კი.
ამასთან, ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, პროკურატურამ დავითგარეჯის საქმეზე ბრალი საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსაც წაუყენოს.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია, ხოლო ნატალიამ ილიჩოვამ განაცხადა, რომ იმ რუკების მიხედვით, რომელთა დამალვასაც მათ ხელისუფლება ედავება, დავითგარეჯის ნაწილი იკარგება და აზერბაიჯანთან საზღვარი ჩიჩხიტურის კოშკზე გადის.