შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები-Human Rights Watch -ის ანგარიში საქართველოზე

გამოქვეყნდა:

Human Rights Watch -ის ახალ ანგარიშში დიდი ადგილი ეთმობა მედიის თავისუფლებას. გავლენიანი ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით მნიშვნელოვანი პრობლემებია- შეშფოთებას იწვევდა მედიის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები - ვკითხულობთ ანარიშში.

ამის მაგალითებად ორგანიზაციის ანგარიშში "მთავარი არხის" რეპორტაჟის შემდეგ, სუს-ის დაწყებული გამოძიება და აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენებია მოყვანილი

თებერვალში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით თანამშრომელმა მდუმარე აქცია მოაწყო ტელეკომპანიის ახალი ამბების სტუდიაში, რათა პროტესტი გამოეხატა სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის სავარაუდო ჩარევის თაობაზე. მმართველი პარტიის წევრები ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას წინა მენეჯმენტის დროს არსებული სარედაქციო პოლიტიკის მიმართ. მარტში ახალმა  ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა მდუმარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე, მთავარი საინფორმაციო პროგრამის წამყვანი თეონა ბაკურიძე და გათავისუფლების საფუძვლად მაუწყებლის შინაგანაწესის „უხეში დარღვევა“ დაასახელა. „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ დაგმეს ბაკურიძის გათავისუფლება და მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, „შეწყვიტოს პოლიტიკური ზეწოლა“ აჭარის ტელევიზიაზე.

მაისში აჭარის მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ტოქშოუს წამყვანი და აჭარის ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი. რეხვიაშვილის გათავისუფლების მიზეზად მისი ფეისბუკ პოსტები დასახელდა, რომელშიც ის კოლეგების მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ ზომებს აკრიტიკებდა. ხელმძღვანელობის მტკიცებით, ეს პოსტები ტელეკომპანიის დისკრედიტაციას ახდენდა. 30 ივლისს ახალმა მენეჯმენტმა კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლა, მათ შორის ალტერნატიული პროფკავშირის ორი აქტიური წევრი, რომელთა ორგანიზებითაც 4 დღით ადრე აქცია მოეწყო სარედაქციო პოლიტიკაში ახალი მენეჯმენტის ჩარევის გასაპროტესტებლად. ისინი სამსახურში მოგვიანებით აღადგინეს, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიის 280 თანამშრომელმა ასეთი მოთხოვნით შედგენილ პეტიციას მოაწერა ხელი.

ივლისში ოპოზიციურ “მთავარ არხზე” გასულ რეპორტაჟთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სავარაუდო საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. ამ რეპორტაჟში გამოთქმული იყო ეჭვი, რომ ოფიციალური პირები კოვიდ-19-ის შემთხვევების მონაცემებს აყალბებდნენ და სხვა უკანონო ქმედებებს ჩადიოდნენ. ადგილობრივმა უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ეს გამოძიება გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცედენტად შეაფასეს, განსაკუთრებით იმ ნეგატიური დამოკიდებულების გათვალისწინებით, რომელსაც ხელისუფლება „მთავარი არხის“ სარედაქციო პოლიტიკის მიმართ ავლენდა" ნათქვამია ანგარიშში.

Human Rights Watch ივლისში,  პარლამენტის მიერ, „საქართველოს კანონში ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ მიღებულ ცვლილებებსაც ახსენებს, რომლითაც "კომუნიკაციები კომისიას" დროებითი მმართველს დანიშვნის უფლება მიენიჭა.

ასეთ „სპეციალურ მმართველს“ კანონი უფლებამოსილებას ანიჭებს, მიიღოს ნებისმიერი მმართველობითი გადაწყვეტილება გარდა კომპანიის აქციების გასხვისებისა. ადგილობრივ ორგანიზაციათა გაერთიანებამ - „მედიის ადვოკატირების კოალიციამ” და „რეპორტიორებმა საზღვრებს გარეშე“ ეს კანონი გააკრიტიკეს სამაუწყებლო მედიის თავისუფლების შეზღუდვის გამო. „კომუნიკაციების კომისიის“ თქმით, კანონი მხოლოდ მობილური და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებლებს ეხება და არა მედიას ან მაუწყებლებს - ვკითხულობთ Human Rights Watch-ის ანგარიშში.

 Human Rights Watch-ის ანგარიში სრულად

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი