აღდგომის დღესასწაულზე მაცხოვრის საფლავის ტაძარი დახურული იქნება და ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მხოლოდ 15 სასულიერო პირი დაესწრება.
ახალი კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიოს გარშემო ღვთისმსახურების წესი იცვლება, საქართველოს ეკლესიას კი ჯერ თავის პოზიცია არ უთქვამს.
აღდგომის ღამე კომენდანტის საათის პირობებში გამოცდა იქნება ეკლესიისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც.
საქართველოს მთავრობის წევრი, შს მინისტრი აცხადებს, რომ აღდგომამდე 2 კვირაა და რა მოხდება მანამდე, არავინ იცის.
საპატრიარქოსთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე მთლიანად მთავრობა კოორდინაციაში ვართ. გავიარეთ საკითხები სხვადასხვა ფორმაზე. აღდგომა მოდის, მანამდე ორი კვირაა და ჩვენ უნდა შევჯერდეთ თუ რა და როგორ ჩატარდება. არავინ იცის მსოფლიოში 2 კვირაში რა იქნება და შესაბამისად, წინასწარ ვერაფერს დავგეგმავდით“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, შეზღუდვები ყველაზე უნდა გავრცელდეს.
დღეს მოქმედი შეზღუდვებით, იკრძალება დახურულ სივრცეში სამ ადამიანზე მეტის შეშვება და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გამოსვლა.
აღდგომა 19 აპრილსაა, საგანგებო მდგომარეობა კი 21 აპრილამდე მოქმედებს.