ბუკნარში პროტესტი გრძელდება - მუსლიმების ნაწილი ხელახალი შეხვედრის გამართვას ითხოვს

გამოქვეყნდა:

რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული მწვავე კონფლიქტი მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის ერთი შეხედვით გუშინ, 13 იანვარს დღის ბოლოს დასრულდა. სოფელ ბუკნარში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, მხარეებს შორის ურთიერთობის მოგვარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ სცადა. ერთ საათიანი დიალოგის ბოლოს კი გაირკვა, რომ ორ ბანაკად გაყოფილები ერთმანეთს ლოცვაში ხელს არ შეუშლიდნენ. თუმცა მოლაპარაკებების ბოლოს უკმაყოფილო იყო მუსლიმი თემის ის ნაწილი რომელიც შეხვედრას ვერ დაესწრო.

ადგილზე მოსახლეობის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში არ დაშლილა და ამ დრომდე პროტესტს აგრძელებენ. ისინი ფიქრობენ, რომ გუშინდელელი შეხვედრის შემდეგ მიღებული დაპირებები სანდო არაა. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი დაპირებები მანამდეც მოუსმენიათ, თუმცა შემდეგ ლოცვაში ხელი შეუშლიათ.

"პროტესტის გაგრძელებას ვაპირებთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ადამიანების ნდობა არ გვაქვს, ჩვენი ის 5 ადამიანი ისე წაიყვანეს, პოლიციამ ჩასვა, არც გაგვაფრთხიელს, არც ვიცოდით რომელი 5 ადამიანი იყო წასული მოალაპრაკებაზე, დანარჩენი საზოგადოება ვინც ვიყავით გარეთ შეთანხმებულები ვართ, რომ საკმარისი არაა აქ მიღებული გადაწყევტილება. ვითხოვთ, რომ ეკლესია იყოს ჩართული და ერთი წარმომადგენელი გამოყონ, რომ დაესწროს შეხვედრას, ჩვენიდან გამოიყოფა ერთი ადამიანი, სახელმწიფომ პასუხისმგებელი პირი უნდა გამოგზავნოს, არა აქაური, ხელახლა 10-10 კაცი დაესწრებიან, მათ შორის ტელევიზიები, საჯარო უნდა იყოს, რომ მთელმა საზოგადოებამ გაიგოს რა შეთანხმება შედგება, იმას დავეთანხმებით და დავიშლებით", - ამბობს აქციის მონაწილე, ფირუზ წულუკიძე.

მისი თქმით, მსგავსი შეხევდრის გამართვამდე ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, წულუკიძის ინფორმაციით, დღეს, 14 იანვარს მათ ხალხი ადიგენიდან, წალკიდან, თბილისიდან, კახეთიდან შეუერთდება.

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურმა "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა, რომ ისინი ქრისტიანებს მოუწოდებენ არ შეუშალონ ხელი მუსლიმანებს ლოცვაში. 

"ეკლესია ყოველთვის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია ყოველგვარი ძალადობის და ჩვენ გუშინაც გვქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან, ჩვენი სასულიერო პირები შეხვდნენ მრევლს, მოსახლეობას, გადასცეს მეუფე იოსების კურთხევა, რომ ეს კონფლიქტი და წინააღმდეგობა აუცილებად უნდა დასრულდეს. უნდა გავაგრძელოთ ისეთი თანაცხოვრება, თანამეზობლობა როგორიც მანამდე არსებობდა მათ შორის. მიცეთ მუსლიმი მრევლის წარმომადგენლებს საშუალება ილოცონ თავიანთ სალოცავში", - თქვა მან. 

თუმცა მისივე განცხადებით, მეჩეთის თუ მინარეთის აშენების ნებართვას საპატრიარქო არ გასცემს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი