შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები სოფელ ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მისი თქმით, 13 იანვარს მათთვის ცნობილი გახდა, რომ სოფელ ბუკნარში "სპეციალურად შემზადებული ადამიანები" აპირებდნენ ჩასვლას და ამიტომ, მან საჭიროდ ჩათვალა და სოფელში
ქრისტიანი მოსახლეობის "დასამშვიდებლად" სამღვდელოება გაუშვა. მიტროპლიტის ეს განცხადება ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა.
წერილში ასევე ნათქვამია, რომ საუბარმა შედეგი გამოიღო - "მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის".
"სამწუხაროდ, სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა დაპირისპირება მუსლიმან თემსა და ქრისტიან მოსახლეობას შორის, რის შესახებაც ჩვენ, სამღვდელოებამ, გავიგეთ 12 იანვარს, 21:00 საათზე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შემაშფოთებელი იყო. ასევე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აჭარიდან - ზოტიდან და სხვა სოფლებიდან - 13 იანვარს აპირებდნენ ჩამოსვლას სოფელ ბუკნარში სპეციალურად შემზადებული ადამიანები, ამიტომ პირადად მე მყისიერად მივიღე გადაწყვეტილება, სამღვდელოება გამეშვა სოფელ ბუკნარში ვითარების განსამუხტად. რადგანაც უკვე კომენდატის საათი იყო, ბატონ ზურაბ ნასარაიას, გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, დავურეკე და ვთხოვე, სასულიერო პირებისთვის გადაადგილების საშუალება მოეცა. თანხმობის მიღების შემდეგ სამღვდელოება ღამის 11 საათზე ჩავიდა ქრისტიანი მოსახლეობის დასამშვიდებლად, რათა მონაწილეობა არ მიეღოთ მოსალოდნელ დაპირისპირებაში. საუბარმა, რა თქმა უნდა, შედეგი გამოიღო: მეორე დღეს მოხდა შერიგება გურულებსა და აჭარლებს შორის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობა ძმებს შორის და მივესალმებით იმ შერიგების პროცესს, რაც იქნა მიღწეული ჩვენი თუ სხვა კეთილი ადამიანების რუდუნებით. ღმერთმა დალოცოს და გაახაროს ყოველი ქართველი, მათ შორის, გურულები და აჭარლები. გურია და აჭარა საუკუნეების განმავლობაში ერთი კუთხე იყო საქართველოსთვის, ერთობა, ძმობა და სიყვარული ღვთის მადლით მომავალშიც გამტკიცდება ამინ. იოსები, მიტროპოლიტი შემოქმედელი", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ,13 იანვარს, ბუკნარში სოფლის ორ ნაწილად გაყოფილი მოსახლეობა ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდა.
ისლამის მიმდევრებსა და ადგილობრივ ქრისტიანებს შორის კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე გრძელდება.