ფასადურად ჩაკეტილი სამთო-სათხილამურო კურორტები და არალეგალური ბიზნესი, რომელიც როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში ხელშეუხებელია. ზამთრის კურორტებზე უწინდებურად ხალხმრავლობაა და მუშაობს ყველაფერი საბაგიროს და კაფე-ბარების გარდა.
ქვეყანაში მოქმედი მკაცრი შეზღუდვები დაბა ბაკურიანს არ ეტყობა, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან აქ ჩამოსულები არიან მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ დასარჩენად სასტუმროებში ადგილები ადვილად იპოვეს. ბაკურიანში სავსეა ცენტრალური პარკიც, ადამიანები კი თვლიან, რომ ამ ტიპის ხალხმრავლობით კორონავირუსი არ გავრცელდება.
"სასტუმროებში ყველაფერი ნორმალურადაა, ამ გარემოში თავისთავად დისტანციას ვერ დაიცავ, მაგრამ ისეთი სიტუაციაა, რომ სხვანაირად ვერაფერს გააკეთებ, წინასწარ დავჯავშნეთ და ყველა პირობა დაცულია რაც ამ ვირუსთან დაკავშირებითაა", - ამბობს ერთ ერთი დამსვენებელი.
მოქალაქეების ნაწილი საოჯახო ტიპის სასტუმროებში რჩება, ნაწილი კი სახოვრებელ აპარტამენტებში.
ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, რომ დაწესებული შეზღუდვების შესაბამისად მოქმედებენ და კანონი არ ირღევა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ ადგილზე არალეგალური ბიზნესი ყვავის.
"სასტუმროები ჩვეულებრივად მუშაობენ, არ ვიცი პრინციპი რა აქვთ, ალბათ, შერჩევითია ვინც მეტი თანხა შესწრია ქართულ ოცნებას ის მუშაობს და ვინც არა, ის არ მუშაობს. ჩვეულებრივად აქირავებენ სახლებს, კოტეჯებს და ა.შ. არის ასევე სპორტსმენების 25-30 კაციანი ჯგუფები ჩამოსული და გადიან შეკრებებს. კანონმორჩილი ადამიანები ზარალდებიან ისევ იმიტომ, რომ ვინც კანონს არ ემორჩილება ის სერნობს და თხილამურებზე დგას", - ამბობს ენმ-ს წევრი, ვახტანგ ქვათაძე.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 837 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 26 პაციენტი გარდაიცვალა.