
ერთადერთი, ვის ზარსაც უპასუხებს ეს იქნება სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი - ამ შინაარსის განცხადებას "ლელო საქართველოს" წევრი, ანი მიროტაძე ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა-არწასვლის შესახებ საუბრისას აკეთებს.
მიროტაძე "დღის სტუმარში", "მთავარი არხის" ეთერში მმართველი გუნდის პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაზე საუბრობს, რომელიც საბოლოოდ ხვალ, 16 იანვარს უნდა დაკომპლექტდეს და ამბობს, რომ შემადგენლობა მთლიანად ივანიშვილისთვის სანდო კადრებითაა დაკომპლექტებული, ხოლო ცალკეული გვარები, ახალი სახეები მხოლოდ კვოტის შესავსებად და ფორმალურად დასახელდნენ:
იქ ორი ძალიან საინტერესო ადამიანი შეჰყავს - ლაშა ნაცვლიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე. ბიძინას ძალიან უყვარს ერთმანეთის კონტროლი ერთმანეთით. დარწმუნებული ვარ, რომ ნაცვლიშვილს და მაღლაფერიძეს ერთმანეთით დააბალანსებს, ერთმანეთის ამბებს გადაამოწმებს ხოლმე რომ ბოლომდე მართოს სიტუაცია" ამბობს მიროტაძე.
ის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, გრიგოლ ლილუაშვილის შეყვანის შემთხვევაში, მის როლზე ამახვილებს ყურადღებას:
ვის ზარსაც უპასუხებს და დაურეკავს იქით, ეს იქნება გრიგოლ ლილუაშვილი რომ რამე არ გამორჩეს. სუს-ის უფროსი, სადაც თავს იყრის ძალიან ბევრი ინფორმაცია როგორც პოლიტიკური ლიდერების, სახელმწიფო მოხელეების, ოპოზიციონერების, ჟურნალისტების, მღვდლების, ერის, ბერის...ამიტომ თუკი მას ვინმესთან დასჭირდება დაკონტაქტება, ეს იქნება გრიგოლ ლილუაშვილი მხოლოდ იმისთვის, რომ ის მისთვის საჭირო კაცია ამ სიტუაციაში" ამბობს მიროტაძე.
რაც შეეხება "ოცნების" აწ უკვე ყოფილი უცვლელი მინისტრის, თეა წულუკიანის პოზიციას, მიროტაძის თქმით, მინისტრობიდან ჩამოქვეითებული წულუკიანისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე "ბევრ ინფორმაციას ფლობს", მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობა დამაკმაყოფილებელი არ იქნებოდა და პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში შეყვანით, მას ამბიცია დაუკმაყოფილეს.
შეგახსენებთ, ქართული ოცნება თავმდჯომარედ ირაკლი კობახიძეს ხვალ ოფიციალურად დაამტკიცებს, ხვალვე ჩამოყალიბდება პოლიტსაბჭოც, 21 ადამიანის შემადგენლობით.
ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა "საზმაუსთვის" მიცემულ ინტერვიუში, პოლიტიკიდან მეორედ წასვლის შესახებ გამოქვეყნებული წერილის შემდეგ. ივანიშვილი ირწმუნება, რომ "ქართულ ოცნებასთან" ყველანაირ კავშირს წყვეტს და მეტიც, აღარც მათი მხარდამჭერი იქნება