
საარჩევნო თანხის გათეთრება შემოწირულობის სახელით. მხარდაჭერილი პარტია და "გათავისუფლებული ბიზნესი" ტრადიციული ფორმულაა პარტიული ყულაბის შესავსებად, რომელიც გამღებისა და მიმღებისთვის თანაბრად სასარგებლოა. სქემა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" შეისწავლა და სააშკარაოზეც გამოიტანა.
კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც "ქართული ოცნება" წინასაარჩევნოდ სოლიდური თანხით დაასაჩუქრა, ვრცელია. მათ შორისაა შპს გ და კ ტექნოლოგი. კომპანიის ხელმძღვანელმა, რომან აბრამიშვილმა, თებერვალში ოცნებას 60 ათასი ლარი შესწირა, სანაცვლოდ კი, 17 მილიონის ტენდერები მოიგო.
შპს ლ და კ-ში კი არც იურიდიულ მისამართზე დაგვხვდნენ და არც მითითებულ ნომერზე გვიპასუხეს. არადა, კომპანიის მფლობელმა პარტიულ ყულაბაში წინასაარჩევნოდ 22 ათასი ლარი გადარიცხა, "ქართული ოცნებისგან" კი არც მეტი არც ნაკლები, 18 მილიონამდე ღირებულების ტენდერები მიიღო.
"ქართული ოცნების" წინასაარჩევნო ხაზინის გამდიდრებაში წვლილი "ლილო მოლმაც" შეიტანა. კომპანიამ პარტიას ნახევარ მილიონზე მეტი შესწირა, თუმცა ამ გადაწყვეტილების არგუმენტაციაზე, არაფერი თქვა.
ბიზნესჯგუფების გარდა ანგარიშში დეპუტატობის კანდიდატთა შემოწირულობებიც ფიქსირდება. კომპანიებმა, რომლებიც "ქართული ოცნების" წევრებთან აფილირდება, პარტიას ყულაბა წინასაარჩევნოდ შეუვსეს. 30 კანდიდატიდან 7-მა "ოცნებაში" მილიონი ლარის ოდენობის ტრანსფერი გააკეთა, მათ შორის მილიონერმა დეპუტატებმა: ზაალ დუგლაძემ, ანტონ ობოლაშვილმა, გოჩა ენუქიძემ, დავით სონღულაშვილმა და ვასილ ჩიგოგიძემ.
"ქართული ოცნების" შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამში 68 მილიონის ტენდერები მოიგეს. მსხვილი ბიზნესჯგუფები, რომლებიც მმართველი ძალის ფინანსურ კეთილდღეობაზე იყვნენ ორიენტირებული, საპასუხოდ, მალევე დასაჩუქრდნენ. პოლიტიკური კორუფციის სქემას აუდიტის სამსახური წლებია სწავლობს, თუმცა უშედეგოდ.
ავტორი: დეა მამისეიშვილი