"ქართული ოცნების" უმრავლესობიდან წასული დეპუტატები კაბინეტებს ცლიან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა სოფო ქაცარავამ პარლამენტი უკვე დატოვა, ევროინტეგრაციის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ კი სამუშაო ოთახი დღეს დაცალა და აპარატის თანამშრომლებს დაემშვიდობა.
სოფო ქაცარავამ უმრავლესობასთან ერთად, პარლამენტის მანდატიც დატოვა, თუმცა ხულორდავა საკანონდებლო ორგანოში რჩება და სავარაუდოდ იმ ახალი ფრაქციაში გაწევრიანდება, რომელსაც სავარაუდოდ თამარ ჩუგოშვილი შექმნის.
ახალი ფრაქციის შესახებ დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატები ამბობენ, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომლის დასრულების შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული
"კონსულტაციები რა თქმა უნდა მიმდინარეობს. ვფიქრობთ იმაზე როგორ და რა ფორმით შეიძლება გავაგრძელოთ საქმიანობა პარლამენტში... თუ შესაძლებლობა გვექნება რომ უფრო ორგანიზებული სახით ვიყოთ წარმოდგენილი პარლამენტში და ვიყოთ ფრაქციის სახით, ეს რა თქმა უნდა ჩვენს პოზიციებს გააძლიერებს. მე ვისურვებდი, რომ ჩვენ შევძლოთ ფრაქციის შექმნა" განაცხადა თამარ ხულორდავამ.
"არ გამოვრიცავ ფრაქციის შექმნას.თუ იქნება ამის საშუალება და რესურსი. ეს თვითამოცანა არ არის. ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ გავაგრძელო ჩემი საპარლამენტო საქმიანობა, არის გარკვეული დღის წესრიგი, მაქვს ჩემი პოზიციები" განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.
რაც შეეხება ვაკანტურ თანამდებობებს. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ უმრავლესობაში აქტიურად მიმდინარეობს განხილვები და კონსულტაციები საპარლამენტო თანამდებობების გადასანაწილებლად. პარლამენტს ამ დროისთვის ორი ვიცე სპიკერი და სამ კომიტეტის თავმჯდომარე ჰყავს ასარჩევი:
"კონსულტაციები უკვე დაწყებულია და ძალიან მალე მოხდება საკადრო გადაადგილებები. კომიტეტები გააგრძელებს ჩვეულებრივ რეჟიმში საქმიანობას. მათ შორის საგარეო მიმართულებითაც უკვე კონკრეტული კანდიდატები განიხილება. მე გარწმუნებთ, რომ პროფესიონალები იქნებიან ამ პოზიციებზე შერჩეული" განაცხადა თალაკვაძემ
თალაკვაძემ დღეს პრემიერ მინისტრის გზავნილებიც გაიმეორა და რუსთაველზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს დაემუქრა. მან განაცხადა, რომ თუ პიკეტირება გაგრძელდება, ხელისუფლებას ადეკვატური პასუხი ექნება.
"მშვიდობიანი შეკრება -მანიფესტაციის უფლება არის დაცული, თუ ის გასცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს და მიიღებს უკანონო ხასიათს, რისი მცდელობაც ჰქონდათ ზოგიერთ უპასუხისმგებლო ლიდერს ოპოზიციიდან, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირების მცდელობა, ამაზე იქნება კანონით გათვალისწინებული რეაგირება" ამბობს თალაკვაძე.
პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო ორგანოში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან აქვს შეხვედრები. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან კარლ ჰარცელთან, თუმცა ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია არც ელჩს და არც თალაკვაძეს.