საქართველო და აზერბაიჯანი - მეგობრობის გარდა, სხვა გზა კრემლისკენ მიდის

გამოქვეყნდა:

გასული წლის ოქტომბერში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გარშემო კონფლიქტი კიდევ ერთხელ გადაიზარდა შეიარაღებულ დაპირისპირებაში, თვენახევარში მოსკოვში სამშვიდობო შეთანხმებას მოეწერა ხელი, რაც იმას ნიშნავდა, რომ დაპირისპირება ბაქოს გამარჯვებით დასრულდა. ის ფაქტი, რომ მოსკოვმა ერევანს სამხედრო დახმარება არ აღმოუჩინა, ბევრმა ანალიტიკოსმა სომხეთში მომხდარ უსისხლო გადატრიალებას დაუკავშირა, რომლის შედეგადაც მოსკოვისადმი ლოიალური სერჟ სარგსიანი უფრო დასავლური ტიპის ლიდერით, ნიკოლ ფაშინიანით შეიცვალა, ამან კი პუტინის გაღიზიანება გამოიწვია.  

ასე იყო თუ ისე, ბაქომ 1990 წელს დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლი აღადგინა, სომხეთში კი ფაშინიანის საწინააღმდეგო განწყობები გაღვივდა, თუმცა, მომდევნო თვეებში კიდევ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მოხდა. ერთერთი მათგანი ბაქოსა და ერევანს შორის მიღწეული შეთანხმება იყო, რომლის მიხედვითაც სომხეთი აზერბაიჯანს თურქეთთან დასაკავშირებელ კორიდორს აძლევს, აზერბაიჯანი კი სომხეთისთვის რუსეთისკენ მიმავალი გზების გახსნას აპირებს. საქართველოში რამდენიმე ანალიტიკოსმა ეს ფაქტი ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციაზე ძლიერ დარტყმად შეაფასა, თუმცა, არსებობს ასევე მოსაზრება, რომ საქმე არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

და მაინც, რამდენად შორსმიმავალი გეგმები აქვს მოსკოვს და რამდენად უწყობს ხელს ამას საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ქმედება? ჩვენ ქვეყანაში განვითარებული ზოგიერთი მოვლენა როგორც მინიმუმ დაფიქრების საბაბს იძლევა და ერთ-ერთი მათგანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაა, რომელშიც ის კავკასიის ახალი პლატფორმის მიმართ ინტერესს გამოთქვამს. ამ პლატფორმის იდეა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა წამოაყენა და მასში, როგორც თავად განაცხადა, თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო უნდა გაერთიანდნენ. არსებობს საკმაოდ ლოგიკური მოსაზრება, რომ ეს ნაბიჯი რეგიონიდან დასავლეთის გაძევებას ისახავს მიზნად, მით უმეტეს, რომ ერდოღანის თქმით, პუტინს პლატფორმის იდეა ძალიან მოეწონა.

როდესაც საქართველოს მთავრობის მიერ რუსეთისთვის სასურველ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, ასევე გვახსენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეჩერება და დავით გარეჯის თემის გარშემო სიტუაციის დაძაბვა, რომლის ფარგლებში ქართული ოცნების ხელისუფლებამ ორი კარტოგრაფი მეზობელი ქვეყნის სასარგებლოდ მიწების გასხვისებაში დაადანაშაულა. როგორც ატლანტიკური საბჭოს დირექტორი ბათუ ქუთელია მიჩნევს, საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას სწორედ აზერბაიჯანთან ურთიერთობის გაუარესება აზიანებს ყველაზე მეტად, და არა ბაქოსა და ერევანს შორის გაფორმებული რაიმე სახის სატრანზიტო ხელშეკრულება.

ასე რომ, წრე იკვრება: აზერბაიჯანი დაკარგულ ტერიტორიებზე კონტროლს აღადგენს, სამაგიეროდ თანახმაა სომხეთს რუსეთისკენ მიმავალი რკინიგზა გაუხსნას, სომხეთიც, როგორც დამარცხებული მხარე, ადვილად თანხმდება ბაქოსთვის თურქეთისკენ მიმავალი კორიდორის გახსნაზე, ამასობაში კი საქართველო ანაკლიის პორტის მშენებლობას აჩერებს და აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხზე სიტუაციას ძაბავს. ძალიან გვინდა გვჯეროდეს, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და არა მოსკოვთან წინასწარ შეთანხმებული ქმედება, თუმცა, თუ ამ ყველაფერმა საქართველოსთვის სავალალო შედეგი მოიტანა, დაგვეთანხმეთ, სრულებით აღარ ექნება მნიშვნელობა, შეგნებულად გაკეთდა ეს თუ უნებლიედ.

ოპტიმიზმის საფუძველს ახლა მხოლოდ ის იძლევა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული  ნებისმიერი ხელშეკრულება ზედმეტად მყიფეა და ამის გარეშეც, აზერბაიჯანს ზუსტად ისევე სჭირდება საქართველო, როგორც საქართველოს აზერბაიჯანი. ამიტომ, ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაუარესება წესით არც ერთ ჩვენგანს არ უნდა აწყობდეს და საქართველო და აზერბაიჯანი, როგორც იტყვიან, განწირულები არიან სამეგობროდ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი