
წარსულმა ფიქრები დაგვიტოვა. დარჩენას კი ნამდვილად წასვლა სჯობდა, მაგრამ წასვლაცაა და წასვლაც. ლუი მეთოთხმეტის ნათქვამის არ იყოს, ჩემს შემდეგ ყველაფერი წყალსაც წაუღიაო, გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა და დაგვიტოვა მართლაც რომ წყალწაღებული ქვეყანა, რომელსაც ხავსიც კი აღარ შეარჩინა მოსაჭიდებლად.
მშვიდობით, ბატონო ბიძინა, უკან მოხედვა შენთვის ალბათ უკვე უინტერესოც კია, რადგან რაც მისატაცებელი იყო - მიიტაცე, რაც გასაჩეხი იყო - გაჩეხე, ვისი დაჭერაც დაგჭირდა - დაიჭირე, ვისი მზერაც მოგწვდა - დააბრმავე, რისი აფეთქებაც გინდოდა - ააფეთქე...
პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის არჩევამ კი ის გამახსენა, რომის იმპერატორმა კალიგულამ სენატის მთავარ კონსულად საკუთარი რჩეული და ერთგული ცხენი რომ დანიშნა, რადგან ის იყო ერთადერთი, ვინც მის ბრძანებებს უსიტყვოდ ემორჩილებოდა. ამ თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძეც ნამდვილად დამჯერი ბედაურია, რომელიც როგორც ერთი ქართული ანდაზა გვეუბნება, პატრონის მათრახს არ დაირტყამს.
სრულიად ქოცთა უმაღლესი ქურუმის, ნათელმხილველისა და ეზოთერის, ლაშა ნაცვლიშვილის ნიჭს ახლა უფრო ფართო გასაქანი მიეცემა.
მას მოუწევს ხალხის იმაში დარწმუნება, რომ სინამდვილეში არსად წასულხარ და ყველგან ხარ, კობახიძის აქოჩრილ ფაფარშიც, ვოლსკის კაიბიჭურ გამოხედვაშიც, წულუკიანის აღტკინებაშიც და გახარიას თვალის პაჭუნშიც.
ავტორი: ბექა ყორშია