ივანიშვილის ანდერძი - რა არის ტერარიუმი ანაკონდას გარეშე? დენდროპარკი გიგანტური ლილიოდენდრონის გარეშე?

გამოქვეყნდა:

რუსი ოლიგარქი წასულაო?... სად შეიძლება წავიდეს ჩაძირული პოლიტიკური გემის კაპიტანი? სად გაექცევა ფანტომს სახელად ქართული ოცნება? ან როგორ დაემალება? ანაც, საერთოდ, რა არის დაჯგუფება სახელწოდებით ქართული ოცნება ბიძინა ბორის ივანიშვილის გარეშე? რა არის ტერარიუმი ანაკონდას გარეშე? რა არის დენდროპარკი გიგანტური ლილიოდენდრონის გარეშე? არა, მართალი იყო უშიშროების პენსიონერი გენერალი - ბიძინა ყველგანაა. ყველაფერში. რადგან 2012 წელს აღმოჩენილ პარალელურ სამყაროში, რომელსაც ქოცი ჰქვია, მოქმედებს ერთადერთი - ბიძინას მუდმივობის კანონი...

პარტია იქით იყოს და მოდი ვნახოთ, ქვეყანას ვის იმედად ტოვებს ჭორვილელი დიოკლეტიანე...

ვისი ნების გამტარებელი შეიძლება გახდეს მთავარ სკამზე დადებული ირაკლი კობახიძე? მხოლოდ ორი კაცის - საკუთრივ ივანიშვილის ან სერგეი გავრილოვის. რაც, პრინციპში, ერთი მედლის ორი მხარეა...

მოდი, ერთად დავფიქრდეთ, რით გამოარჩიეს კობახიძე და რატომ ჩაუკეტეს ოლიმპოს გზა კახა კალაძეს. არ გამოვიდა მისგან სალამური? არც ღარიბაშვილისგან? ეს მაინც ხომ ბოლომდე აყოლებდა ჰანგს ივანიშვილის დაკრულს?...

მილიონი სამუშაო ადგილის შემქმნელისაგან ეს დაპირება ქართულ ანდაზად ჟღერს - აცე, ვირო, გაზაფხულზე იონჯა მოვა. ვითომ ვინმე სხვა იყო, ცოტა ხნით ადრე გერმანიაში გაყრას რომ გვიპირებდა, აქ მომავალი მაინც არ გაქვთ და წადით, სადაც იაფი მუშა ხელი სჭირდებათო

ნუთუ მართლა არაფერი გვაქვს სათქმელი დამშვიდობებისას ბორის ივანიშვილისთვის? თუნდაც ის, რომ მან გადაიბარა პრემიერის პოსტი, როდესაც ქვეყნის ვალი 9 მილიარდი იყო. ხოლო 8 წლის თავზე, საბოლოო წასვლა რომ გამოგვიცხადა, ვალად 31 მილიარდი დაგვიტოვა. ტელეფონს რომ პასუხობდეს, კითხავდა კაცი, სად ჩემ ჭორვილაში წაიღო.

ტელეფონს რომ პასუხობდეს, კითხავდა კაცი - შენზე გადაღებულ დაშაქრულ სარეკლამო ფილმშიც კი ბავშვები ფეხბურთს დაგლეჯილი ბურთით თამაშობენ. მართლა ვერ ხვდები, რა დღეში ტოვებ ქვეყანას? და რა განსხვავება დაინახე ბატების მწყემსვასა და ქვეყნის მართვას შორის...

ტელეფონს რომ პასუხობდეს, კითხავდა კაცი, მაგრამ რაკი არ იღებს, თქვენ გკითხავთ, ვინც მისი წასვლის ამბავი ჭამეთ: კაცმა მთელი ბიზნესი და საკუთარი სახლიც კი, კედლებზე ჩამოკიდებულ სურათებიანად, ბუფეტ-სერვანტიან-გორკიან-სპალნიანად, თავისივე საქველმოქმედო ფონდს გადაუფორმა, რომ მოგებისა და ქონების გადასახადები არ იხადოს და, როგორ გგონიათ, თავისი უუნარო მმართველობის შესანარჩუნებლად აღებულ სახელმწიფო ვალს ისევ თქვენ არ ამოგიღებთ ბოლო თეთრამდე ჯიბიდან?...

და რა იყო ივანიშვილის ყოფითი ცხოვრება 2011 წლამდე? რუსი მილიარდერი ბიზნესს საქართველოდან მართავდა და სარგებლობდა ერთდროულად რუსეთის ხელშეწყობით, საფრანგეთის მოქალაქეობითა და სანმარინოს დიპლომატიური ხელშეუხებლობით. ვიღაცას გეწყინებათ, მაგრამ სპეცსამსახურების ენაზე ამას მიძინებული აგენტი უფრო ჰქვია. ის ვისაც საჭირო დროს გასააქტიურებლად ინახავენ.

2011 წელს პროექტი ივანიშვილი ამოქმედდა და მიაღწია ყველაფერს, რასაც რუსეთი იქამდე, ხან ომითა და ხან მშვიდობით, ძირითადად უშედეგოდ ცდილობდა - ამოაგდო საქართველო სტრატეგიული მარშრუტებიდან და პროექტებიდან, აქცია რეგიონის უკანასკნელ ფინიად, დაავიწყა სიტყვა ნატო, ლომის წილი დაიკავა ექსპორტ-იმპორტის იმ სეგმენტებში, სადაც იქამდე მონოპოლია არ ჰქონდა. შექმნა ორმხრივი პირდაპირი კონტაქტისა და მოლაპარაკების ფორმატის ილუზია. პარალელურად კი წამითაც არ შეუწყვეტია საქართველოს სეპარატისტების სამხედრო, ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭერა. ან თუნდაც მავთულხლართების გადმოწევა და მოქალაქეთა გატაცება...

არჩევნების ღამეს 9 თვის ბავშვის ქვევრში ჩახრჩობა წვრილმანია. ოლიგარქის ენაზე დაზიანებაც არ ჰქვია. მით უმეტეს, იმდენი ხმა მოუტანა კარგ მენეჯერს, უღირდა - აგერ უკვე მესამე საპარლამენტო უმრავლესობა გაიფორმა და არც სინდისის ქენჯნა ეტყობა.

მენეჯმენტი მისი კანიოკია, მაგრამ იუმორი არასდროს უვარგოდა. მის ხუმრობებზე, ირაკლი ღარიბაშვილის გარდა, გულით არავის ეცინებოდა. მაგრამ ახლა ღარიბაშვილიც კი არ დაიჯერებს წასვლას. სად შეიძლება წავიდეს ის, ვისზეც ჩამოკიდებულია სუსი, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო, საფინანსო პოლიცია, არმია, მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტი, ყველა მუნიციპალიტეტი და ყველა სპორტული ფედერაცია. ყველას ამას საფუძველი ერთდროულად რომ გამოეცალოს, ხომ დაემხო თავზე ყველაფერი. მიწის რყევას ყველა გრძნობს, ამიტომ უმაღლესი ღვთაების სახელის ლოცვად ხსენებას ერთმანეთს ასწრებენ.

ცოტა დრო გავა და უფრო გავიგებთ, რა მაქინაცია ჩაიფიქრა ბიძინა ბორის ივანიშვილმა. მაგრამ უკვე გამჟღავნდა, რატომ იღწვოდა ქართული ოცნება ასეთი მონდომებით 8 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველთა ინტერესებისთვის - რომ თებერვალში 65 წლის ივანიშვილს  კუთვნილი პენსიით ესარგებლა და თვეში მთელი 240 ლარი მიეღო. კაპიკი კაპიკს დაედება, ხურდაში კიდევ ის გადანახული 200 მილიონი დაემატება და გაიტანს თავს როგორმე...

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი