ხმაური, სტვენა და შეძახილები სასამართლოში - დარბევისას დაკავებულები, დილის 11 საათიდან მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდებიან

გამოქვეყნდა:

მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაკავებულები საქმის განხილვას ისევ ელოდებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოში დილის 11 საათიდან იმყოფება 36 დაკავებული, თუმცა ამ დრომდე, არც ერთ მათგანთან დაკავშირებით მოსამართლეს გადაწყვეტილება არ მიუღია.

ხმაური სასამართლო დარბაზში მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის იმ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც მან მორიგი 1 საათიანი შესვენება გამოაცხადა და სხდომა კიდევ ერთხელ გადადო. 

დაკავებულებმა დღეს პოლიციელები დაკავების დროს ძალის გადამეტებაში დაადანაშაულეს და სასამართლო დარბაზში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა დაკავების დროს ფიზიკურ ძალა გამოიყენეს.

"ჩვენი პოზიცია მკაფიოა, რომ ვინც არ უნდა ყოს მოსამართლე ამ საქმეზე, გადაწყვეტილება ამ დარბაზში არ მიიღება, ამ საქმეებზე გადაწყვეტილებას თქვენ გიკარნახებენ" განაცხადა პროცესზე ერთ ერთმა დაკავებულმა, ბექა ბასილაიამ.

სწორედ ამის შემდგ გამოაცხადა მოსამართლემ მორიგი შესვენება, რასაც დარბაზში სტვენა და შეძახილები - "სირცხვილი, სირცხვილი," მოჰყვა.

დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, რომ პროცესის გაჭიანურება ხელოვნურად ხდება. ისინი ეჭვობენ, რომ მოსამართლეს უკვე აქვს მითითება კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან დაკავებულები პროცესზე. 

"რაც ეხლა ხდება სასამართლოში, არის სრული ქაოსი. 37 ადამიანი უკვე 24 საათია გასული, უჭმელი, უსმელი და არ არსებობს გონივრული მოლოდინი იმისა, როდის შეიძლება დამთავრდეს ამ ადამიანების პროცესი. ამ ფონზე მოსამართლე ამბობს, რომ მისთვის მთავარია დღეს დაასრულოს სხდომა, თუნდაც შეძლება გათენება მოგვიწიოს აქ და ის არ იყენებს იმ შესაძლებლობას, რომ გამოუშვას და გადადოს სხვა დროისთვის, რისი გაკეთების უფლებაც მას აქვს და რაც იქნებოდა ძალიან გონივრული...ეს ქაოსი და გაუგებრობაში ყოფნა ჩვენი აზრით, ამას შეიძლება მიანიშნებდეს (ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას), თუმცა შეიძლება მეორე მოლოდინიც იყოს, რომ ჯერ არ არსებობს გადაწყვეტილება, თუ რა უნდა მიიღოს მოსამართლეს" განაცხადა დაკავებულების ადვოკატმა.

სასამართლოში იმყოფებიან დაკავებულების ოჯახის წევრები და აქციის სხვა ორგანიზატორები. ისინი ამბობენ, რომ ამ პროცესის ერთადერთი მიზანია, დაკავებულები ჩამოაშოროს მიმდინარე პროცესებს:

"აქ რაიმე გონივრულ სახელისუფლებლო გადაწყვეტილებაზე საუბარი ზედმეტია. მათი არჩევნი როცა არის ცუდსა და უარესს შორის, ჯიუტად ირჩევენ უარესს" განაცხადა დავით ბერძენიშვილმა, რომლის შვილიც, ზუკა ბერძენიშვილი პოლიციამ გუშინ, მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დააკავა.

"ჩემი აზრით ეს არის ხელოვნურად მართულ პროცესი, როდესაც ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს ჩვენი საპროტესტო მუხტი შეაჩეროს. ისინი ფიქრობენ და დარწმუნებულები არიან იმაში, რომ საკუთარი კონტროლირებადი და ჯიბის სასამართლოს მეშვეობით მოახერხებენ ჩვენი აქციის შეჩერებას, მაგრამ ძალიან ცდებიან. პროტესტი გრძელდება, ჩვენი აქცია მაინც შედგება" განაცხადა აქციის ერთ ერთმა ორგანიზატორმა ნოდარ რუხაძემ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი