
მეათე მოწვევის ერთპარტიული პარლამენტის დეპუტატები ევროპელ კოლეგებს ოპოზიციის გარეშე შეხვდებიან – 25 იანვრიდან საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოში გაემგზავრება.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საერთაშორისო დელეგაციის ერთპარტიულობა საქართველოს იმიჯს აზიანებს.
"ეს იქნება პირველი შემთხვევა, თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, რომ მსგავსი საერთაშორისო დელეგაცია იქნება ერთპარტიული, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოსთვის, საქართველომ დაკარგა ყველანაირი შანსი, რომ პრეტენზია განაცხადოს, როგორც რეგიონში განსხვავებულმა და დემოკრატიის სტანდარტების მქონე სახელმწიფომ" , – ამბობს ენმ–ს ლიდერი სალომე სამადაშვილი
"ეს თავისთავად ცუდია, ოღონდ ეს არის შედეგი და არა მიზეზი პრობლემის, მიზეზი არის ის რაც ქვეყნის შიგნით ხდება, ეს ყველაფერი ერთად რა თქმა უნდა საქართველოს ინტერესებს აზიანებს" – ამბობს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია
ექსპერტების თქმით, პრობლემა თავად პარლამენტის ერთპარტიულობაში და მოპარულ არჩევნებშია.
"ქვეყნის იმიჯი შესუსტდება, შეილახება, საქართველოს როგორც შინაგანად პრობლემური ქვეყნის ხედვა იქნება დასავლეთში" – ამბობს "მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ცენტრის" თავმჯდომარე გია ნოდია
"ივანიშვილმა მიიღო ყველაფერი, მან შეძლო და სხვადასხვა მანქანებით დაალაგა სიტუაცია დღევანდელ დასავლეთთან, ივანიშვილმა მოიპარა არჩევნები" , – ამბობს "ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი
დღეს პარლამენტის ევრო–ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრებს ევროპარლამენტის პლენარული სხდომის ფარგლებში გამართავს. ზამთრის სესიაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტარი დეპუტატის ანგარიში განიხილება.