საქართველოში ჯანდაცვის ექსპერტები ეხმაურებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომ მსოფლიოში ვაქცინები არათანაბრად ნაწილდება და ღარიბი ქვეყნები უვაქცინოდ დარჩენის საფრთხის წინაშე არიან.
გიორგი ფხაკაძის თქმით, მსოფლიოს მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინების 90% წინასწარ დაჯავშნეს.
"დიდი ქვეყნები ძალიან ცუდად მოიქცნენ, მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ შეიძინეს 90% მთელი მსოფლიოს ვაქცინების რაოდენობიდან. იმ ფირმებს, რომლებიც ახლა მუშაობენ ვაქცინებზე, მაგრამ არავინ იცის იმუშავებს ეს ვაქცინა თუ არ იმუშავებს, მდიდარმა ქვეყნებმა წინასწარ გადაუხადეს ფული" , – ამბობს ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე
სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ ვაქცინების არათანაბარი გადანაწილების პრობლემა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ უნდა მოაგვაროს.
"გადანაწილება და გარკვეული ხარვეზები, ეს უკვე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხარვეზები, ამაში ქვეყნები როგორც ასეთი მგონია, რომ ვერ ჩაერევიან. თვითონ ვერ იქონიებენ ზეგავლენას. ეს უნდა მაოგვაროს თვითონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. იმიტომ რომ ეს კოვაქს პლატფორმა მათი შექმნილია. რაც შეეხება ჩვენი მთავრობის მზაობას, მზად რომ არ არიან გუშინაც დავინახეთ, როდესაც გეგმაც კი არ გახადეს საჯარო რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, თუნდაც სად იქნება განლაგებული ვაქცინაციის პუნქტები" , – ამბობს ჯანდაცვის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე
ვაქცინის არათანაბარი გადანაწილების გამო მსოფლიო მორალური ჩავარდნის ზღვარზეა – გებრესიუსი.
საქართველომ ვაქცინა, სწორედ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვაქს პლატფორმის მეშვეობით უნდა შეიძინოს, ჯერჯერობით გაურკვეველია რომელი ვაქცინა შემოვა ქვეყანაში.