"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ოპოზიცია აშანტაჟებს. მისი ვერსიით, სწორედ ეს შეიძლება იყოს ინდივიდუალურ შეხვედრებზე მისი უარის მიზეზი. პარტიის კიდევ ერთი წევრი, ლევან იოსელიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ წინა ხელისუფლებიდან პრეტენზია "ევროპული საქართველოს" ლიდერებთან, გიგი უგულავასთან და გიგა ბოკერიასთან აქვთ, რადგან მათი მხრიდან ხდება დანარჩენ ოპოზიციაზე ბულინგი და ზეწოლა.
რაც შეეხება "გირჩის განაყოფს" მათ პოზიცია არ შეუცვლიათ და ამბობენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის მისაღებად აუცილებელია შეთანხმება "ნაციონალურ მოძრაობასთან" მოხდეს.
"პირველ რიგში, ჩემი აზრით, ახლა მთავარია გავარკვიოთ რა ხდება ოპოზიციაში. იმიტომ, რომ მე რაღაცნაირად არ მესმის რა ხდება ოპოზიციაში. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ მოდი ლაპარაკი გავაგრძელოთ, ლაპარაკის გასაგრძელებლად მე ელისაშვილსაც შევუთანმხდები და ნებისმიერსაც. ჩემი პოზიციაა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება გვჭირდება პროპორციული არჩევნების ბარიერის დასაწერად, ამისთვის ნაციონალურ მოძრაობასთან მეგობრობა მჭირდება პირველ რიგში", - ამბობს ვახო მეგრელიშვილი.
მისი თქმით, თვითონ თავიანთ თამაშს თამაშობენ და იგივე აზრი აქვს ელისაშვილზეც. მეგრელიშვილის თქმით, თუ ცდება და ელისაშვილი სხვის თამაშს თამაშობს მისთვის ამასაც დიდი მნიშვნელობა არ აქვს.
"ვერავინ ვერ შეძლებს, რომ გაგვრიყოს ოპოზიციიდან, ოპოზიციის რიგებიდან გაგვრიცხოს, მითუმეტეს ის ხალხი, რომელსაც არც მანდატი აქვს და არც მხარდაჭერა. განცხადებებს გადახედეთ, ვინც გამოდიან, ძირითადად ეს არიან ევროპული საქართველოს ლიდერები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ აღარ ვართ ოპოზიცის წერვი, ჩვენ ვართ ქართული ოცნების დანამატი", - თქვა ლევან იოსელიანმა.
მისი თქმით, მსგავსი შეფასება "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან არ მოუსმენია და ნიკა მელია ბევრისგან განსხვავებით ჯანსაღად მოაზროვნეა.
დანარჩენი ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ ვინმეს პარლამენტში შესვლა უნდა მათ ეს გადაწყვეტილება დროულად უნდა მიიღოს. მათი თქმით, შეთავაზება გაკეთებული აქვთ და გადაწყვეტილება "ქართულმა ოცნებამ" უნდა მიიღოს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდს ამ ეტაპზე პერსპექტივა არ აქვს, რადგან ორივე მხარე საკუთარ პოზიციებში შეუვალია, თუმცა მოლაპარაკებას რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ისევ ფასილიტატორების ჩართულობით განიხილავენ.